ბათუმი გიორგი ცაბაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ფესტივალს უმასპინძლებს

24 აგვისტოს, 20:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, გიორგი ცაბაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფესტივალი გრანდიოზული გალა კონცერტით გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალი გენიალური კომპოზიტორის საიუბილეო თარიღს ეძღვნება. ღონისძიების ფარგლებში შედგება არაერთი ყველასათვის საყვარელი სიმღერის ახლებური ვერსიის პრემიერა, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიგონ კომპოზიტორის შესახებ ამ დრომდე უცნობი ისტორიები.
კომპოზიტორ გიორგი ცაბაძეს 2024 წლის 24 აგვისტოს 100 წელი უსრულდება, საიუბილეო წელთან დაკავშირებით შეიქმნა ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც ოთხ დიდ ქალაქში გალა კონცერტები გაიმართება.
ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს არაერთი ცნობილი მომღერალი და მსახიობი, კონცერტები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება როგორც რეპერტუარით, ასევე მონაწილეებით, საღამოები დატვირთული იქნება ახლებური ვერსიების პრემიერებითა და თეატრალური დადგმებით.
შემოქმედებითი ჯგუფი: სამხატვრო ხელმძღვანელი: დავით მაზანაშვილი; სცენარის ავტორი და საღამოს წამყვანი: ნიკოლოზ წულუკიძე; რეჟისორი: თინათინ კორძაძე;  მხატვარი: სოფო ბასიშვილი; აკომპანემენტი: დავით მაზანაშვილის ბენდი და საქართველოს ქალთა კამერული ორკესტრი.
მონაწილეობენ: კახა ცაბაძე, მერაბ სეფაშვილი, ნანული სარაჯიშვილი, ეკა მამალაძე, სოფო ხალვაში, მაია ჯაბუა, თემურ თათარაშვილი, აჩიკო გოგიტიძე, თამთა ხუხუნაიშვილი, მზიკო ფარტენაძე, გიორგი ნაკაშიძე, მორის მელაძე, სალომე მირიანაშვილი, რუსა თავართქილაძე, სანდრო კურცხალიძე, მარიტა ცეცხლაძე, სულხან დევაძე, „ალილო“, „თეატრალური კვარტეტი“, „ფორტე“, „მურო გაგოშიძის ცეკვის ლაბორატორია“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები