გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დღეს დაიწყო.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას იღებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში, რომელიც სტამბულში 28-29 სექტემბერს გაიმართება.
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის მოხსენება თემაზე “ევროკავშირი, სამეზობლო და მის ფარგლებს მიღმა”.
ქვეყნის პირველი პირი ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს თურქეთისა და ყირგიზეთის პრეზიდენტებთან, ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტთან, ბისეკის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.
ტრადიციული მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას იღებენ როგორც სახელმწიფოთა ლიდერები და პოლიტოლოგები, ისე საერთაშორისო
ორგანიზაციებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები. ფორუმის მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას არა მარტო ეკონომიკის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, არამედ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების , მათ შორის, რეგიონში განვითარებული მოვლენების თაობაზე. ფორუმის მიზანია ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდის ახალი წყაროებისა და აუთვისებელი რესურსების აღმოჩენა როგორც სახელმწიფო, ისე რეგიონალური მასშტაბით, რაც, თავის მხრივ, კონკურენტუნარიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს.