კულტურის მინისტრმა იორდანიაში, შიჰანის მთაზე, ქართველთა უდაბნო-მონასტრის ნანგრევები მოინახულა
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის, სამუშაო ვიზიტი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში წარმატებით გრძელდება.
კულტურის მინისტრმა იორდანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ არჩილ ძულიაშვილსა და კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად ქალაქ კარაკში შიჰანის ქართველთა უდაბნო-მონასტრის ადგილი მოინახულა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს – კარაკის ტურიზმის დირექტორატის ხელმძღვანელ საატე ალ-მასაედესა და კარაკში სიძველეთა დეპარტამენტის თანამშრომელს, ბასილ ჰალასას, შეხვდა.
შიჰანის ქართველთა უდაბნო-მონასტერი, რომელიც ქალაქ კარაკში ყველაზე მაღალ მთაზე, შიჰანზე, მდებარეობდა, მე-11 საუკუნეში ქართველმა სასულიერო პირმა გაბრიელ თბილელმა დააარსა.
მონასტერი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქი (ფილიალი) იყო.
გაბრიელ თბილელმა სიცოცხლის ბოლო წლები ამ მონასტერში გაატარა. მე-11 საუკუნის 60-იან წლებში აქ დაკრძალულია იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტრის დამაარსებელი გიორგი პროხორე. შიჰანის ქართველთა უდაბნო-მონასტერი მე-13 საუკუნემდე არსებობდა. შემორჩენილია მონასტრის რამდენიმე ხელნაწერი, რომლებიც იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს წიგნსაცავშია დაცული.
შიჰანში მინისტრის მონაწილეობით შედგა მოლაპარაკება და გადაწყდა, რომ ქართულმა მხარემ დააკომპლექტოს ქართველი მეცნიერ-არქეოლოგების გუნდი, რომელიც იორდანიაში გაემგზავრება და შეუდგება არქეოლოგიური სამუშაოების დაგეგმვას, რისთვისაც იორდანიის ტურიზმისა და კულტურულ ფასეულობათა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები და ადგილობრივი არქეოლოგები სრულ მზაობას აცხადებენ.
ინფორმაციისთვის: ქართველი მეცნიერის, თამილა მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით, ქართული ექსპედიცია იორდანიასა და მის მეზობელ ქვეყნებში ქართულ მონასტრებს აქტიურად აღნუსხავდა და შესაბამის დოკუმენტაციას ადგენდა. მას შემდეგ, გარკვეული მიზეზების, მათ შორის – პანდემიის გამო ქართულმა მხარემ არქეოლოგიური სამუშაოებისა და კვლევის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
თეა წულუკიანი არჩილ ძულიაშვილსა და ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად იმყოფებოდა ნებოს (მოსეს) მთაზე. ამ სიმბოლოებით მდიდარ, უაღრესად საინტერესო ადგილზე მინისტრი სასულიერო პირებს შეხვდა. ისაუბრეს პეტრე იბერის შესახებ და იმსჯელეს, როგორ შეიძლება მოხერხდეს, რომ სასულიერო პირების ინიციატივით და მათივე ხელშეწყობით ქართული ტრადიციული გალობისა და მრავალხმიანი სიმღერის კონცერტი გაიმართოს სწორედ იქ, სადაც წინასწარმეტყველ მოსეს სახელზე IV საუკუნის ტაძარია აგებული. შეხვედრისას სასულიერო პირებმა მინისტრს საჩუქრად გადასცეს წიგნი ნებოს (მოსეს) მთის შესახებ, რომელშიც პეტრე იბერის ღვაწლზეც არის მოთხრობილი.
თეა წულუკიანი ასევე ესტუმრა ქალაქ მადაბას, სადაც იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტის წევრს, მაჟდი ალიატუსა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ტურიზმისა და კულტურულ ფასეულობათა სამინისტროს წარმომადგენელს, ვაი ჯანინის შეხვდა.
მინისტრმა დაათვალიერა მადაბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც მნიშვნელოვანი ადგილია მართლმადიდებელი სტუმრებისთვის.
იგი ცნობილია თავისი იატაკის მოზაიკით, რომელსაც მადაბის რუკას, ასევე მადაბის მოზაიკის რუკას უწოდებენ. თეა წულუკიანი ასევე ეწვია მადაბის მოზაიკის ხელოვნებისა და რესტავრაციის ინსტიტუტს, მადაბის არქეოლოგიურ პარკს და მადაბის ვიზიტორთა ცენტრს.
„შეგახსენებთ: საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში. იგი უკვე შეხვდა კულტურის მინისტრ ჰაიფა ნაჯარის. შეხვედრისას კულტურის მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცებისა და კულტურული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული იდენტობის დაცვაზე მინისტრებმა განსაკუთრებულად გაამახვილეს ყურადღება. თეა წულუკიანმა ჰაიფა ნაჯარი საქართველოში მოიწვია.
ასევე, შეგახსენებთ, რომ საქართველო მონაწილეობას მიიღებს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში გამართულ ჯერაშის კულტურულ ფესტივალში, რომელიც მეფე აბდულა II-ის გამეფების 25 წლის იუბილეს ეძღვნება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს აჭარის რეგიონის ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბათუმი“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.