პროკურორი : მსაჯებისთვის ჩაწყობილ თამაშებში თანხა 5000, ხოლო სადუბლო მატჩებში 2500 დოლარი იყო

მსაჯებისთვის ჩაწყობილ თამაშებში თანხა 5000 დოლარი, ხოლო სადუბლო მატჩებში 2500 დოლარი იყო, – ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ განუცხადა. მისი თქმით, ეს საკითხი ძირითადად შეეხებოდა ყვითელი ბარათების ჩვენებას.
“გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ისინი ხვდებოდნენ კერძო პირებს, საკითხი კონკრეტულად შეეხო ყვითელი ბარათის ჩვენებას, თანხა განისაზღვრებოდა უმაღლესი ლიგის შეხვედრაში 5000 დოლარით, ხოლო სადუბლო მატჩებში 2500 დოლარით”, – განაცხადა პროკურორმა.
ზვიად ფხაკაძის განცხადებით, პირები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოპერატიულ მასალაში ჩანს, ოპერატიული თანამშრომლები არიან და მათი ვინაობა არ კონკრეტდება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში თამაშების ჩაწყობაში ბრალდებული მსაჯების სასამართლო პროცესი იწყება. რაც შეეხება დაკავებული მსაჯების სრულ სიას, ესენი არიან: ოთარ ხეცაძე, ირაკლი და მამუკა ურუშაძეები, თეიმურაზ ხუჭუა, ალექსანდრე გუნთაძე, ზვიად ასკაროღლი, ონისე მოლოდინაშვილი და თორნიკე გვანცელაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები