კრისტოფერ ნაითის 27-წლიანი მარტოობა – თანამედროვე განდეგილის ისტორია
სამყაროში, სადაც ტექნოლოგიები და სოციალური ქსელები ჩვენი ცხოვრების განუყრელი ნაწილი გახდა, კრისტოფერ ნაითის ისტორია წარმოუდგენლად გვეჩვენება. თითქმის, სამი ათწლეულის განმავლობაში, ის სრულიად მარტო ცხოვრობდა აშშ-ში, მეინის შტატის ტყეებში, სადაც გარე სამყაროსთან კონტაქტს ერიდებოდა.
კრისტოფერ ნაითი 1965 წელს დაიბადა მასაჩუსეტსის ჩვეულებრივ ოჯახში. 1986 წელს, როდესაც მხოლოდ 20 წლის იყო, მან მოულოდნელად მიატოვა სამსახური და მეინის ტყეებისკენ გაემართა. გადაწყვეტილი ჰქონდა, უარი ეთქვა მთელ ცივილიზაციაზე. კრისტოფერმა დატოვა თავისი მანქანა, გასაღებიც გადააგდო და განდეგილის ცხოვრება დაიწყო.
27 წლის განმავლობაში, ნაითი დაბურულ ტყეში, საკუთარი ხელით გაკეთებულ პატარა ფარდულში ცხოვრობდა. ის გადარჩენას მოხერხებულობისა და ქურდობის წყალობით ახერხებდა. კრისტოფერი იპარავდა საკვებს, ტანსაცმელსა და სხვა საჭირო ნივთებს ახლომდებარე სახლებიდან და ბანაკებიდან. ამ დროის განმავლობაში, მან ათასზე მეტჯერ მოიპარა სხვადასხვა ნივთი და სულ შეუმჩნეველი რჩებოდა.
2013 წელს კრისტოფერ ნაითი ბოლოს და ბოლოს დააკავეს მორიგი ქურდობის დროს Pine Tree-ის ბანაკში. მისი დაკავება სენსაცია გახდა: არავის სჯეროდა, რომ ადამიანს ასე დიდხანს შეეძლო მარტოობაში ცხოვრება და შეუმჩნევლად დარჩენა.
დაკავების შემდეგ ნაითმა თქვა, რომ საკვების დასამზადებლად და გასათბობად ცეცხლს არ იყენებდა იმის გამო, რომ სხვისი ყურადღება არ მიეპყრო. მისმა მოხერხებამ შთაბეჭდილება მოახდინა როგორც პოლიციაზე, ისე – საზოგადოებაზე.
კრისტოფერ ნაითს პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ 2015 წელს გამოუშვეს იმ პირობით, რომ რეაბილიტაციას გაივლიდა და საზოგადოებაში დაბრუნდებოდა. მისმა ისტორიამ ის ფართო საზოგადოებისთვის გახადა ცნობილი და განხილვის საგნად აქცია.