ხუთი ქვეყნის ლიდერი აცხადებს, რომ უკრაინას სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს მიაწვდიან

ხუთი ქვეყნის – აშშ-ის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდებისა და რუმინეთის – ლიდერები პირობას დებენ, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებით საშუალებებს მიაწვდიან, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ქვეყნების მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს ჩვენ ვაცხადებთ, რომ უკრაინას ერთობლივად მივაწვდით სტრატეგიულ საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს, მათ შორის, აშშ-ის, გერმანიისა და რუმინეთის მიერ შემოწირულ Patriot-ის დამატებით ბატარეებს; Patriot-ის კომპონენტებს, რომელიც შემოწირულია ნიდერლანდების და სხვა პარტნიორების მიერ, რათა უზრუნველყონ Patriot-ის დამატებითი ბატარეის ფუნქციონირება და იტალიის მიერ შემოწირულ დამატებითი SAMP-T სისტემას“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

მათივე თქმით, ზემოთ აღნიშნული ეს ხუთი სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის სისტემა ხელს შეუწყობს უკრაინის ქალაქების, მშვიდობიანი მოსახლეობისა და ჯარისკაცების დაცვას.

ამასთან, შეერთებული შტატები და პარტნიორები აპირებენ, უახლოეს თვეებში უკრაინას მიაწოდონ ტაქტიკური საჰაერო თავდაცვის ათობით სისტემა, მათ შორის NASAMS-ის, HAWK-ის, IRIS-ის T-SLM-ის, IRIS-ის T-SLS-ისა და Gepard-ის სისტემები.

„ალიანსის რამდენიმე წევრი, მათ შორის კანადა, ნორვეგია, ესპანეთი და გაერთიანებული სამეფო, გააგრძელებენ განუყოფელი როლის შესრულებას ამ სისტემების უზრუნველყოფაში და უკრაინის მრავალი სხვა მხარდამჭერი უზრუნველყოფს ჩამჭრელებს.

ვაძლიერებთ რა უკრაინის საჰაერო თავდაცვას, მადლობელი ვართ 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიციის, რომელიც აგრძელებს უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების აღმოჩენას, ისევე როგორც „საჰაერო თავდაცვის ინიციატივაზე დაუყოვნებელი მოქმედების“ – რომლის ფარგლებშიც პარტნიორებმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდასაჭერად 1 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფის პირობა დადეს, ასევე ინტეგრირებულ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის შესაძლებლობების კოალიციის, რომელსაც ხელმძღვანელობენ გერმანია და საფრანგეთი. ჩვენ ასევე მივესალმებით ნატოს მუშაობას უკრაინის ძალისხმევის მხარდასაჭერად ნატოსთან თავსებადი ინტეგრირებული საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის არქიტექტურის შემუშავებაში.

ჩვენი გზავნილი მოსკოვისა და მსოფლიოსადმი ნათელია: ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი ძლიერი და ურყევია“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები