რუსეთი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას აჩერებს

რუსეთის სახელმწიფო დუმამ და ფედერაციის საბჭომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში რუსეთის დელეგაციის მონაწილეობის შეჩერების შესახებ, ერთობლივი განცხადება მიიღეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამასთან, რუსეთი წყვეტს ორგანიზაციის ბიუჯეტში შენატანის გადახდას.

ამავდროულად, რუსეთის პარლამენტის ორივე პალატის განცხადებაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ადანაშაულებენ მიკერძოებულ დისკრიმინაციულ მიდგომებში, ორმაგ სტანდარტებში, რუსოფობიაში და არსებითი განხილვისთვის მოუმზადებლობაში, მათ შორის, თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების უზრუნველყოფის აქტუალურ საკითხებზე.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ ვალენტინა მატვიენტკომ საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტს დაავალა, შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას დაუყოვნებლივ გაუგზავნოს წერილი.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა ამ დღეებში, რუმინეთში იმართება.

აღსანიშნავია, რომ შექმნილ სიტუაციაში ბოლო წერტილად რუსი კანონმდებლები რუსეთის დელეგაციის წევრებისთვის ვიზების გაცემაზე რუმინეთის უარს ასახელებენ.

გასულ თვეში რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუმინეთის საგარეო უწყებამ რუსეთის დელეგაციის წევრებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.

ამასთან, რუმინეთში რუსეთის ელჩმა, ვლადიმირ ლიპაევმა ბუქარესტში ჩატარებულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე სესიას „ხმაურიანი ანტირუსული შოუ“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები