ქალაქ ახალციხეში წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა

30 ივნისს, წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღე და ქალაქის მთავარი დღესასწაული წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვით დაიწყო, რომელიც ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ და რიმნიკის მთავარეპისკოპოსმა ბარსანუფმა აღავლინეს.

„ახალციხელობა 2024″ საზეიმო ღონისძიებებით გაგრძელდა ახალციხის ციხეზე, სადაც მოეწყო ადგილობრივი მხატვარებისა და ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სპორტული და გასართობი აქტივობები, ახალგაზრდული თამაშები, ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი.

ახალციხელებს და ქალაქის სტუმრებს დღესასწაული მიულოცეს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ, რიმნიკის მთავარეპისკოპოსმა ბარსანუფმა, საქართველოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა, მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, სახელმწიფო რმუნებულის მოადგილემ შოთა როსტიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ.

ღონისძიებაზე დასახელდნენ საპატიო ახალციხელები, აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისა და განსაკუთრებული დამსახურებისათვის 2024 წლის საპატიო ახალციხელის სტატუსი მიენიჭათ ნიკოლოზ ვაშაყმაძეს, ზოია ბალიაშვილს და ასთხიკ მეიტარჯიანს.

დაჯილდოვდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიატებიც. სტიპენდია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 33-მა წარჩინებულმა სტუდენტმა მიიღო. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სტიპენდიატებს სერტიფიკატები გადასცეს, სწავლაში მიღწეული შედეგები მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. აღსანიშნავია, რომ თითოეულ მათგანს მერიისგან 500 ლარის ოდენობით სტიპენდია ჩაერიცხა.

ქალაქის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გალა კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა. კონცერტი თემურ ყვითელაშვილმა საქართველოს ეროვნული ჰიმნით გახსნა. ახალციხელი მაყურებლის წინაშე წარსდგნენ თემურ და რომა რცხილაძეები, კომპოზიტორ-შემსრულებელი ზაზა კილასონია, გიორგი ცხადაძე და ბენდი 4+2.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები