ქუთაისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისში მოსული უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ქუჩები, კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ოღასკურა, რამაც პრობლემები შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობას. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზიანის ლიკვიდაციის მიზნით, ქალაქის მასშტაბით, უწვეტ რეჟიმში მუშაობს შესაბამისი სამსახურები. სამუშაოებში უშუალოდაა ჩართული ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

„ქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა, სამწუხაროდ, გარკვეული პრობლემები გამოიწვია. ადიდდა მდინარე ოღასკურა, რის შედეგადაც დაიტბორა ბუხაიძის და ავტომშენებლის ქუჩები, ხოლო წერეთლის და რუსთაველის ქუჩებზე წყლის  ნაკადმა  ნატანი ჩამოიტანა, რამაც შეაფერხა სანიაღვრეების მუშაობა.

ჩვენ მომენტალურად დავიწყეთ შექმნილ მდგომარეობაზე შესაბამისი რეაგირება – უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ როგორც მერიის „სპეციალური სერვისების“ თანამშრომლები, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და „ენერგოპრო  ჯორჯიას“ წარმომადგენლები.

ამ ეტაპისთვის გზები გაწმენდილია, აღდგენილია ელექტროენერგიით მომარაგება. მუშაობს მერიის  ცხელი ხაზი – 595250309, სადაც 24 საათის მანძილზე შეუძლია დარეკვა მოსახლეობას და რეაგირება იქნება მყისიერი.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტს უკვე შეძენილი აქვს მდინარე ოღასკურას რეაბილიტაციის  პროექტი და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, მიმდინარე წელსვე დაიწყება  სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის შედეგადაც  შევძლებთ ასეთი  პრობლემების თავიდან აცილებას“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას შეუძლია დარეკოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში: 112 ან ქუთაისის მერიის ცხელ ხაზზე: 595250309

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები