ჩარგალში ფშავის ფოლკლორული ანსამბლის – ,,ლაშარელას” ალბომის პრეზენტაცია გაიმართება

23 ივნისს, 17:00 საათზე, ჩარგალში, ფშავის ფოლკლორული ანსამბლის – „ლაშარელას” ალბომის პრეზენტაცია გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფშავში ფოლკლორული ანსამბლის შექმნის ისტორია 1940-იანი წლებიდან იწყება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფშავის ცენტრში, მაღაროსკარის კულტურის სახლში, ქალ-ვაჟთა შემადგენლობით ოც კაციანი გუნდი შეიკრიბა. გუნდს ნინო ქისტაური და ალექსი ხუცურაული ხელმძღვანელობდნენ. როგორც ირკვევა, მოგვიანებით სწორედ ეს გუნდი ჩაუწერია ივეტ გრიმოს 1967 წელს.
 სწორედ ამ გუნდში მღეროდა ანსამბლის დღევანდელი ხელმძღვანელის ნინო ნაყეურის პაპა ლუკა ნაყეური.
ძველი გუნდის შთამომავლები ვალიკო წოწკოლაურმა შეკრიბა და 1983 წელს დააარსა ავთენტიკური ფოლკლორული ჯგუფი „ლაშარი“. მრავალი ფესტივალისა და ოლიმპიადის მონაწილეს, „ლაშარს“ არაერთხელ უგემნია წარმატების სიხარული.
თაობათა ცვლის მტკივნეული პროცესი შემდგომ წლებშიც გაგრძელდა და ძველი შემადგენლობიდან ანსამბლში მხოლოდ სამი წევრიღა დარჩა… გაჩნდა უძველესი ტრადიციების გაქრობის რეალური საფრთხე.
2023 წელს ანსამბლ „ლაშრის“ ბაზაზე ფშავში ჩამოყალიბდა ფშავის ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ანსამბლი „ლაშარელა“.
მისი წევრები ძირითადად ფშავის ძველი ანსამბლისა და „ლაშარის“ წევრთა შთამომავლები არიან. უხუცესი წევრი 87 წლის ხვთისო სესიაშვილია, რომელიც ზევით ნახსენებ ივეტ გრიმოს ექსპედიიცის დროს, სრულიად ახალგაზრდა, მაშინდელი გუნდის შემადგენლობაში მღეროდა; უმრწემესი კი 15 წლისაა.
„ლაშარელა“ ფშაური სიმღერის მემატიანეა. დღეისათვის ის ერთადერთია, რომელმაც შეინარჩუნა ფშაური მღერის ტრადიცია, შესრულების წესი და მანერა.
საჩქარო იყო უხუცესების, უკანასკნელი კორიფეების ხმების დაფიქსირება-გადარჩენა, ამ მიზნით მოხდა ფშაური სიმღერების აუდიო და ვიდეოჩანაწერების პირველი ალბომის მომზადება და გამოცემა. ვფიქრობთ, ალბომი ისტორიული ღირებულებისაა, იგი ხელს შეუწყობს ფშაურად მღერის ცოცხალი ტრადიციის აღდგენა-გაცოცხლებასა და ყოფაში დაბრუნებას.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, დუშეთის მუნიციპალიტეტი და ფონდი ქართული გალობა.
ალბომის პრეზენტაციაზე დასწრების მსურველებს უფასო ტრანსპორტი მოემსახურება რესპუბლიკის მოედნიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები