ვირტუოზი მევიოლინე და პედაგოგი როდამ ჯანდიერი გარდაიცვალა

გარდაიცვალა ვირტუოზი მევიოლინე, პედაგოგი, კონსერვატორიის პროფესორი (2022 წლამდე), განსაკუთრებული პროფესიული და ადამიანური თვისებების მქონე ადამიანი, დიდი მუსიკოსი, მრავალი წარმატებული შემსრულებლის აღმზრდელი როდამ ჯანდიერი. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.
როდამ ჯანდიერი დაიბადა თბილისში 1942 წლის 5 მარტს. დაამთავრა „ნიჭიერთა ათწლედის“ ვიოლინოს კლასი შოთა შანიძის ხელმძღვანელობით.
კონსერვატორიაში სწავლობდა ლეო შიუკაშვილის კლასში, დაამთავრა 1965 წელს. 1966 წლიდან უკვე დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა „ნიჭიერთა ათწლედსა” და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში.
აქტიურად უკრავდა სოლო კონცერტებზე, ასევე კამერულ შემადგენლობაში.
მის მრავალფეროვან რეპერტუარში (ბახი, მოცარტი, ბეთჰოვენი, პაგანინი, ბრამსი, ერნსტი, ვენიავსკი, პროკოფიევი, ჩაიკოვსკი, შოსტაკოვიჩი, შონბერგი და ა.შ.) განსაკუთრებული ადგილი ეკავა ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს, რომელთა პირველი შემსრულებელი იყო ქალბატონი როდამი; კონცერტები – გ. ბზვანელი (1969, პირველი შესრულება), რ. კემულარია(1970, პირველი შესრულება), ბალანჩივაძე პოემა ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის(1977, პირველი შესრულება), ა. მაჭავარიანი, ნ. გუდიაშვილი, მ. დავითაშვილი „პოემა“ ვიოლინოსა და ორკესტრისათვის; კამერული ნაწარმოებები: ტ. ბაქრაძე სავიოლინო სონატა(1968, პირველი შესრულება) და სხვა მრავალი.
საგასტროლო გამოსვლები ჰქონდა როგორც საქართველოს ყველა კუთხეში და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ასევე ევროპაში. უკრავდა ჯარჯი ბალანჩივაძის კამერულ ანსამბლში, რომელთან ერთად მრავალი კონცერტი აქვს გამართული.
„აღსანიშნავია მისი ბრწყინვალე გამარჯვება ჯერ 1957 წელს რესპუბლიკურ კონკურსზე, ხოლო შემდეგ 1960 წელს ამიერკავკასიის დიდ კონკურსზე ბაქოში, სადაც საქართველოში დიდი შერჩევის შემდეგ გაემგზავრა და პირველ პრემია მიიღო. ეს კონკურსი მისი საშემსრულებლო კარიერის ფოიერვერკი იყო.
ბაქოში გამართულ ამ კონკურსზე გამგზავრებას მრავალი საინტერესო ისტორია ახლდა, მაგრამ გაგიზიარებთ კომპოზიტორ დინარა ჯანდიერის, როდამ ჯანდიერი დის მონათხრობს: კონკურსამდე ორივე და ავად გამხდარა მძიმე ვირუსული გრიპით, რომელსაც მაღალი სიცხე ახლდა თან. მოგეხსენებათ, შემსრულებლისთვის, რომელიც მით უმეტეს კონკურსზე მიემგზავრება, ეს იყო ძალიან დიდი გამოწვევა და ბარიერი. თან ქალბატონი როდამი ყოველთვის, განსაკუთრებით კი 17 წლის ასაკში მინიატურული გარეგნობის გახლდათ.
მაშინდელი კონსერვატორიის რექტორი იონა ტუსკია ოჯახს სახლში ესტუმრა და მიიყვანა ამერიკიდან ახლად ჩამოსული ცნობილი ექიმი ნოდარ ყიფშიძე, რომელმაც როდამს უმკურნალა. მეორე დღესვე გოგონა მწყობრში იყო და უკვე ჯანმრთელი გაემგზავრა ბაქოში. კონკურსზე გამოსვლისას, როდამ ჯანდიერის შესრულების შემდეგ, ახალგაზრდა ვირტუოზი 8-ჯერ გამოიყვანეს სცენაზე უწყვეტი ტაშის ფონზე. ყველა ტურში ბრწყინავდა როდამ ჯანდიერი. ამ პატარა ქართველმა გოგონამ უდიდეს კონკურსში თავდაჯერებული გამარჯვება მოიპოვა.
ასევე საშემსრულებლო ფოიერვერკს მიეკუთვნება როდამ ჯანდიერის მიერ ბეთჰოვენის ათივე სავიოლინო სონატის დაკვრა კონცერტზე პიანისტ მამუკა სიხარულიძესთან ერთად (2006 წ).
აქტიური პედაგოგიური საქმიანობის შედეგად როდამ ჯანდიერის აღზრდილთა შორის უამრავი საერთაშორისო და ადგილობრივი კონკურსის ლაურეატია, მუსიკოსები, რომლებიც წამყვანი ორკესტრების კონცერტმაისტერები არიან: ლელა მჭედლიძე, თეა ბახტაძე, თეა ჯავახია, კონსტანტინე ლემონჯავა და სხვები.
2022 წლის 1 მაისს, კონსერვატორიის საიუბილეო ღონისძიებაზე,  როდამ ჯანდიერის 80 წლის დაბადების დღის აღსანიშნავად და უდიდესი ღვაწლის დაფასებისთვის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისგან მას სპეციალური ჯილდო გადაეცა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები