“მიხეილ სააკაშვილმა დანაშაულები ჩაიდინა და ამის გამო იმ სცენარში მისი გვარი არ ეწერა, რომელიც რუსთაველის გამზირზე უნდა განვითარებულიყო” – ვოლსკი

“არ მგონია, ადეკვატური ფსიქიკის ადამიანის მსჯელობას ვისმენდეთ. მიხეილ სააკაშვილმა დანაშაულები ჩაიდინა და ამის გამო იმ სცენარში მისი გვარი არ ეწერა, რომელიც რუსთაველის გამზირზე უნდა განვითარებულიყო”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ისაუბრა.

ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოსტს გამოეხმაურა, სადაც სააკაშვილი მის წინააღმდეგ კამპანიაში პალიკო კუბლაშვილსა და ნიკა გილაურს ადანაშაულებს.

„ბანერების გამო ადამიანებს დაუპირისპირდნენ, ეჩხუბნენ და მიტინგებიდან გააგდეს, რადგან სააკაშვილის თაობაზე სტრასბურგის სასამართლო ამბობდა, რომ სისტემურ დანაშაულებს სჩადიოდა. ბოლო მომენტში, როცა ამ რევოლუციურმა პროცესმა განვითარება ვერ ჰპოვა, ზოდელავა, ხაბეიშვილი, ბოკუჩავა წინა ფლანგზე გამოჩნდნენ და თქვეს, რომ პასუხისმგებლობას საკუთარ ხელში იღებდნენ და შეტევაზე გადავიდნენ. ეს შეტევა ჩაიშალა და სააკაშვილი ისეთ ფაქტორებს იგონებს, რაც წინაპირობა უნდა გახდეს მისი პიროვნების ხელახლა წამოწევის, თითქოს, კონსპირაციული შეთანხმებები ხდება. არც ამერიკაში და არც ბრიუსელში არანაირი გავლენა რაიმე სიტყვას, ვინმესგან ნათქვამს არ აქვს. ცივსისხლიანი გათვლები აქვს დასავლეთსაც, რუსეთსაც, რომელიც ოკუპანტია და ევროკავშირსაც. ამ ვითარებაში ვცხოვრობთ და არა იმ ვითარებაში, როცა პალიკოს ან გილაურს შეუძლიათ, რაიმე გავლენა მოახდინონ მსოფლიო პოლიტიკის მიმდინარეობაზე. არაჟნის კონტეინერით შემოპარული ადამიანის მცდელობაა, რომ როგორმე წინა პლანზე „ნაცმოძრაობა“ გამოვიდეს და ოღონდ, მისი მეთაურობით და არა, ლევან ხაბეიშვილის ან ზოდელავასი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები