რუსთაველის ეროვნულ თეატრში რამინ მიქაბერიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანსამბლ „მართვეს“ ინიციატივით, რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ დარბაზში გამოჩენილი მომღერლისა და ლოტბარის, რამინ მიქაბერიძის, საიუბილეო საღამო გაიმართა.
კულტურის სამინისტროა ინფორმაციით, ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, სახელმწიფოს რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე, ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებლები ვანო ჩხარტიშვილი და ნანა გოთუა, ანზორ ერქომაიშვილის მეუღლე ლალი სეთურიძე, სასულიერო პირები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ანსამბლები: „რუსთავი“, „ერისიონი“, „მართვეს“ პირველი და ახლანდელი თაობა, პატრიარქის ნათლულთა გუნდი „საგალობელი“, ბათუმის კულტურის ცენტრის ვაჟთა ანსამბლი, საქართველოს უსინათლოთა კავშირთან არსებული ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „კრწანისი“, მიქაბერიძეების საოჯახო ანსამბლი. მათ ბატონ რამინთან ერთად შეასრულეს ქართული მრავალხმიანი სიმღერები. ეკრანზე მაყურებელმა იხილა გამოჩენილი ქართველი ხელოვანების: ანზორ ერქომაიშვილის, გომარ სიხარულიძის, ბიძინა კვერნაძის, თენგიზ არჩვაძის, კახი კავსაძისა და სხვათა მოგონებების ჩანაწერები რამინ მიქაბერიძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. საღამოს რეჟისორი იყო გიორგი სიხარულიძე.
ღონისძიებაზე წაიკითხეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის, მილოცვა ბატონი რამინისადმი.
რამინ მიქაბერიძე მოღვაწეობდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში (მოგვიანებით – „ერისიონი“, 1967-1978), საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში „რუსთავი“ (1979-2002), ვაჟთა ვოკალურ ანსამბლში „გორდელა“. მას, ანზორ ერქომაიშვილთან ერთად, დიდი წვლილი მიუძღვის „მართვეს“ ახალი თაობების აღზრდასა და შემოქმედებით განვითარებაში. მისი აღზრდილი თაობები დღეს წარმატებით საქმიანობენ ფოლკლორულ გუნდებში და უკვე თავად ხელმძღვანელობენ ანსამბლებს.
აღსანიშნავია, რომ რამინ მიქაბერიძემ ბათუმში ჩამოაყალიბა ბავშვთა სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლი და არაერთი თაობა აზიარა ქართულ კულტურას. მან შვილთან, მაია მიქაბერიძესთან, ერთად შექმნა ბავშვთა ფოლკლორული გუნდი „საგალობელი“.
რამინ მიქაბერიძე ხელმძღვანელობდა საქართველოს უსინათლოთა საზოგადოების რესპუბლიკურ კულტურის სახლთან არსებულ სახალხო მომღერალთა გუნდს (1967-1997), განათლების მუშაკთა რესპუბლიკურ სახლთან არსებულ ვაჟთა ვოკალურ ანსამბლს (1970-1980), ქართული ფოლკლორის სახელმწიფო ანსამბლ „თბილისს“ (1978-1985), ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლ „მართვეს“ (1978-1990), ჩოხატაურის რაიონის ვაჟთა ვოკალურ სახალხო ანსამბლ „ნაბეღლავს“ (1980-1990), გაერთიანება „მიონთან“ არსებულ ვაჟთა ვოკალურ ანსამბლ „დიდგორს“ (1985-1995), ანსამბლ „იბერიას“ (1992-1998), ბათუმის ბავშვთა სახელმწიფო ფოლკლორულ ანსამბლს (1998-2006), ბათუმის ვაჟთა ვოკალურ ანსამბლს (2000-2005), ბავშვთა ფოლკლორულ გუნდებს – „საგალობელსა“ და „პატრიარქის ნათლულებს“, ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლ „ჭონას“ (2006-2012), საპატრიარქოსთან არსებულ ჩოხოსანთა ანსამბლს (2010-2014), უსინათლოთა კავშირის ვაჟთა ვოკალურ ანსამბლ „კრწანისს“.
რამინ მიქაბერიძის ღვაწლი არაერთი პრემიითა და ჯილდოთია დაფასებული. ის არის საქართველოს სახალხო არტისტი; საქართველოს სახელმწიფო, ალბერტ შვაიცერის საერთაშორისო და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიების, ასევე – პრემია „საგურამოს“ ლაურეატი ნომინაციაში „ხელოვნება“; დაჯილდოებულია ღირსების ორდენით; 2014 წელს მიენიჭა ქართული კულტურის რაინდის წოდება, 2015 წელს – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ჯილდო – „ხელოვნების ქურუმის“ წოდება, 2018 წელს – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის, სახელობის პრემია „სიკეთის ხე“. მისი სახელი შესულია როგორც ქართული, ასევე მსოფლიო მუსიკის ენციკლოპედიაში.
2019 წლის 17 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის წინ რამინ და მაია მიქაბერიძეების სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. რამინ მიქაბერიძე არის თბილისის, ბათუმისა და ჩოხატაურის საპატიო მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები