კომპოზიტორისა და პედაგოგის – შალვა მშველიძის დაბადებიდან 120 წელი გავიდა

ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, კომპოზიტორისა და პედაგოგის, შალვა მშველიძის, დაბადებიდან 120 წელი გავიდა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს შალვა მშველიძის ხსოვნას და ქართული კულტურის წინაშე მის განსაკუთრებულ დამსახურებას.
კომპოზიტორი სტუდენტობისას შეუდგა ქართული ხალხური მუსიკის ნიმუშების შეგროვებასა და კვლევას. მან პირველმა ჩაწერა საქართველოს მთის მუსიკალური ფოლკლორი და შემოიტანა ქართულ პროფესიულ მუსიკაში ფშავხევსურული მუსიკალური დიალექტი; საკუთარი ხელწერით განავითარა ხალხური საგანძური და სათავე დაუდო ქართულ ეპიკურ სიმფონიზმს. მისი შთაგონების მნიშვნელოვან წყაროდ იქცა ვაჟა-ფშაველას შემოქმედება.
შალვა მშველიძის შემოქმედებითი მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია ოპერები: „ამბავი ტარიელისა“ (ლიბრეტო ა. ფაღავასი, „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით), „დიდოსტატის მარჯვენა“ (ლიბრეტო ნ. ძიძიშვილისა, კ. გამსახურდიას რომანის მიხედვით), „ჯარისკაცის ქვრივი“ (ლიბრეტო ო. ჭელიძისა, რ. ჯაფარიძის რომანის მიხედვით), „ალუდა ქეთელაური“ (ლიბრეტო კომპოზიტორისა, ვაჟა-ფშაველას მიხედვით). მან შექმნა ექვსი სიმფონია, სიმფონიური სურათები, მათ შორის: „ფშაური“, „აზარ“, „ხორუმი“, „მზის ამოსვლა“; სიმფონიური პოემები: „ზვიადაური“, „მინდია“, „ვეფხი და მოყმე“, „პოემა საქართველოზე“; საორკესტრო სიუიტები: „სიმფონიური ცეკვები“, „ინდური“, „ვეფხი და მოყმე“; უვერტიურა „საზეიმო“; ორატორიები: „კავკასიონი“ (გ. ტაბიძის, გ. აბაშიძის, ი. გრიშაშვილის, გ. ლეონიძის, ა. მირცხულავას ლექსებზე); გუნდები a capella, მათ შორის ა. კალანდაძის და ი. არაბულის ლექსებზე; საგუნდო პოემა „ფშაური“.
კომპოზიტორი ქმნიდა მუსიკას კინოფილმებისა და სპექტაკლებისთვის, კამერულ-ინსტრუმენტულ ნაწარმოებებს და სხვ. შალვა მშველიძე ავტორია მნიშვნელოვანი ნაშრომისა: „საკრავთმცოდნეობა. თანამედროვე ორკესტრის საფუძვლები“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები