სირსკი: საფრანგეთი უკრაინაში სამხედრო მომზადებისთვის ინსტრუქტორებს გაგზავნის
საფრანგეთი უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად უკრაინაში ინსტრუქტორებს გაგზავნის, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
„მივესალმები საფრანგეთის ინიციატივას, გაგზავნოს ინსტრუქტორები უკრაინაში უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მოსამზადებლად. უკვე მოვაწერე ხელი დოკუმენტებს, რომლებიც საშუალებას მისცემს პირველ ფრანგ ინსტრუქტორებს მალე ეწვიონ ჩვენს სასწავლო ცენტრებს და გაეცნონ ინფრასტრუქტურას და პერსონალს“, – აღნიშნავს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.
მანვე დასძინა, რომ საფრანგეთის გადაწყვეტილება წაახალისებს სხვა პარტნიორებს შეუერთდნენ ამ ამბიციურ პროექტს.
„მე მადლობა გადავუხადე მინისტრს ფრანგი ხალხის მეგობრული მხარდაჭერისთვის და უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური დახმარებისთვის რუსული სამხედრო აგრესიის მოსაგერიებლად“, – აღნიშნა ოლექსანდრ სირსკიმ.