ენტონი ბლინკენი: უარვყოფთ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელის „ჰამასთან“ გაიგივებას, ეს სამარცხვინოა
აშშ ფუნდამენტურად უარყოფს ჰააგის სასამართლოს პროკურორის განცხადებას, რომელშიც ის ითხოვს ისრაელის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერს, „ჰამასის“ ტერორისტების დაკავების ორდერებთან ერთად. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ავრცელებს.
„ჩვენ უარვყოფთ პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გაიგივებას. ეს სამარცხვინოა. „ჰამასი“ არის სასტიკი ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც მოაწყო ებრაელების ყველაზე საშინელი ხოცვა-ჟლეტა ჰოლოკოსტის შემდეგ და დღემდე მძევლად ჰყავს აყვანილი ათეულობით უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის ამერიკელები. უფრო მეტიც, აშშ-მა ნათლად აჩვენა მიმდინარე კონფლიქტამდე დიდი ხნით ადრე, რომ ჰააგის სასამართლოს არ აქვს იურისდიქცია ამ საკითხზე. ჰააგის სასამართლო შეიქმნა მისი მონაწილე სახელმწიფოების მიერ, როგორც შეზღუდული იურისდიქციის სასამართლო“, – აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში ნათქვამია, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი სასამართლოს წევრი არ არის, იგი პროკურორთან თანამშრომლობისთვის მზად იყო და მომავალ კვირას პროკურორი ისრაელში გამოძიების განსახილველად უნდა ჩასულიყო.
ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტისა და მოძრაობა „ჰამასის“ 3 ლიდერის – იაჰი სინვარის, მუაჰამდ დეიფას და ისმაილ ჰანის დაპატიმრების ორდერის გაცემა მოითხოვა.