“ჩვენი საფინანსო სექტორი არის მდგრადი და სექტორის გარშემო აჟიოტაჟი დიდწილად ხელოვნურად იყო შექმნილი” – ნათია თურნავა
ჩვენი საფინანსო სექტორი არის მდგრადი და სექტორის გარშემო აჟიოტაჟი დიდწილად ხელოვნურად იყო შექმნილი, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
„ყველა კეთილსინდისიერმა ექსპერტმა იცის, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბანკების აქციების ფასს ახასიათებს მერყეობა, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ნებისმიერი სიახლე, ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის შესახებ როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი, ასევე თავად ბანკების შესახებ, ყველაფერი მყისიერად მოქმედებს აქციებზე და თუ გადახედავთ ბოლო პერიოდს, ნახავთ, რომ მათი აქციების ფასი ხან იზრდება, ხან მცირდება.
მაგალითად, ამ წლის დასაწყისში „საქართველოს ბანკის“ აქციები ივაჭრებოდა 37-40 ფუნტად ანუ იმაზე უფრო დაბალ ფასში, ვიდრე დღეს არის. ამ შემცირების შემდეგ ისევ დაიწყო აღდგენა ფასმა და დღეს 41 ფუნტი იყო. ანუ რაიმე კრიტიკული და განსაკუთრებული, რაც ჩვენს საფინანსო სექტორს დაემუქრებოდა, ნამდვილად არ არსებობს. ჩვენი საბანკო სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ევროპაში.
„2022 წლის თებერვალში, როცა დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი და რეალურად შოკი იყო, მოხდა აქციების ფასის ვარდნა 40%-ით ანუ ორჯერ და უფრო მეტად მყისიერი ვარდნა, ვიდრე ამ რამდენიმე დღეში დავინახეთ ჩვენ და ამანაც არ განაპირობა ჩვენი საბანკო სისტემის შერყევა, რადგან ის არის ძალიან ძლიერი, კარგად კაპიტალიზირებული, საკმარისი ლიკვიდობის ბუფერები, მომგებიანი. ჩვენი ბანკების მოგება გასულ წელს 2,7 მილიარდი ლარი იყო. ფასის ეს მოკლევადიანი რყევები არანაირად არ აისახება ჩვენი საბანკო სისტემის გადახდისუნარიანობაზე და მის მედეგობაზე შოკების მიმართ და მით უფრო ლარის კურსთან ამას არანაირი კავშირი არ ჰქონდა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.