გიორგი ცუცქირიძე:  არც საქართველო დარჩება რუსეთის უკანა ეზოდ, ამ ბავშვებს რომ ასე აშინებენ,  ევროკავშირშიც შევალთ

“არც საქართველო დარჩება რუსეთის უკანა ეზოდ და ნეოკოლონიად, ამ ბავშვებს რომ ასე აშინებენ, ევროკავშირშიც შევალთ და 2030 წელს ცხოვრების დონითად ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტის პროგნოზით, საშუალო ევროპული ქვეყანა ვიქნებით!”- ამის შესახებ ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

ცუცქირიძე მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

“ახალგაზრდობის არც იდეალიზაცია ვარგა და არც მათი დემონიზაცია, ყველა თაობას თავისი განსაკუთრებულობა ახასიათებს. ახალგაზრდული მაქსიმალიზმი ყოველთვის უპირისპირდება უფროსი თაობის მსოფლგაგებას. კაცობრიობის ისტორიაც ამის კარგი ილუსტრირებაა.

კარგი და ცუდი თაობაც არ არსებობს. მიტინგები დღევანდელ ახალგაზრდობას არც დაესიზმრება  ჩემი თაობის დროს რომ ტარდებოდა -100- ათასიანიც და 200- ათასიანიც, ზოგჯერ გაცილებით მეტიც.

განსხვავება კი ის არის, რომ ჩვენს დროს, გასული საუკუნის 80 -იანი წლების პერიოდში, პროტესტის მთავარი გზავნილი დამოუკიდებლობის მოპოვება იყო, ეს ნარატივი ეფუძნებოდა წინა თაობების ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, რაც რუსეთის იმპერიის მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევას და ქართული სამეფოს გაუქმებას მოჰყვა, უფრო სწორედ ძირძველი ქართული მიწების ცალ-ცალკე შეყვანას რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში.

როდესაც ჩვენ 1978 წელს ვაპროტესტებდით ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას, ამათი ასაკის ვიყავით და სკოლის უკანა ეზოდან გავიპარეთ მიტინგზე. ალბათ, მაშინაც 1 %-ს თუ ექნებოდა წაკითხული და იურიდიულად გააზრებული კონსტიტუციური ცვლილების ჩანაწერის დედააზრი, მაგრამ ამოსავალი წერტილი სხვადასხვა არხებიდან, მათ შორის პროფესორ-მასწავლებლებიდან და დისიდენტებიდან გასული ინფორმაცია იყო, რაც ქართული ენის და იდენტობის დაკარგვის ტოლფასად აღიქმებოდა. მოგეხსენებათ, მაშინ მიტინგზე 100 000 ადამიანი შეიკრიბა, არ დაგვავიწყდეს, რომ არც სოცქსელები არსებობდა, არც ინტერნეტი და არც მობილური ტელეფონები. ისე არც აკერმანის ტრეინიგების რევოლუციურ ბაზისებს ვიცნობდით!

დარწმუნებული ვარ, არც ამ ახალგაზრდების აბსოლუტურ უმრავლესობას  ექნება წაკითხული ასე საჯილდაო ქვად ქცეული “გამჭვირვალობის კანონი”, თუმცა აპრიორში რუსულ კანონად მოიხსენიებენ  ან 15-18 წლის სკოლის მოსწავლეებს რა უნდა მოსთხოვო!

დღევანდელი თაობის გზავნილი შეცვლილია და ევროპულ ოჯახში ჩვენს დაბრუნების პარადიგმაზეა აგებული. არც იმას აქვს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა რამდენი ადამიანი აპროტესტებს კანონპროექტს, 15 ათასი, 50 ათასი, თუ 100 ათასი. თავის მოტყუება იქნებოდა იმის თქმაც, რომ ახალგაზრდულ პროტესტს მხოლოდ “ნაცმოძრაობის” და ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთა წარმართავს. პროტესტს შეუერთდა ბევრი ის ახალგაზრდაც, რომლებსაც შეექმნათ შიშები, რომ ქვეყნის ევროპული არჩევანი შეიძლება დავკარგოთ! კანონი კი შეიძლება 1 %-საც არ ჰქონდეს წაკითხული. ეს შიშები დიდწილად გამომდინარეობს ოპოზიციური საინფორმაციო ველიდან, როდესაც ევროპელი, თუ ამერიკელი კანონმდებლები და პოლიტიკოსები, აკრიტიკებენ რა კანონპროექტს, მიზანმიმართულად ევროპულ პერსპექტივაზე ამახვილებენ ყურადღებას! დასავლეთის ეს ორმაგი სტანდარტი თუ რას ეფუძნება , ცალკე მსჯელობის საკითხია და არაერთ პოსტში მაქვს გაკრიტიკებული.

არცერთ ჩემს პოსტში არ გამიკრიტიკებია ახალი თაობა, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული თანამედროვე სენტენციები და მიმდინარეობები ჩემთვის შეიძლება მიუღებელიც იყოს!

ჩემი კრიტიკა ეფუძნება ოპოზიციური ჯგუფების მიერ, ამ თაობის გამოყენების მცდელობებს, როდესაც მათ პროტესტის საკუთარ ინტერესებზე მორგება სურთ! თორემ კარგად გვახსოვს გაერთიანებული ოპოზიციური მიტინგები ჯამურად 5000 პროტესტანტს, რომ ძლივს აგროვებდნენ!

დარწმუნებული ვარ  ეს თაობაც თავის გასავლელ გზას გაივლის ავად თუ კარგად, მომავალში არაერთ მიტინგსაც დაესწრება და უკეთეს და უფრო ძლიერ საქართველოშიც იცხოვრებს!

ძალიანაც კარგი , თუ მათ სურთ ევროპულ კულტურასთან თანაზიარება, უკეთესი განათლების მიღება და დასაქმების უკეთესი პერსპექტივა და აშინებთ რუსულ სივრცესთან ასოცირება. ამაში ცუდი ნამდვილად არაფერია! რუსულ პოლიტიკას დამოკლეს მახვილივით ჰკიდია საქართველოს ძირძველი ტერიტორიების ოკუპაცია, რაც ამ პროტესტის განმსაზღვრელი ფაქტორია.

ვეთანხმები სოცქსელებში გამოთქმულ თვალსაზრისსაც, რომ ეს არ იყო პარტიული აქცია და პროტესტანტთა უმრავლესობა, ცალკეული რადიკალური და რევოლუციაზე დატრეინინგებული დაჯგუფებების გამოკლებით, საქართველოს უკეთეს მომავალს უჭერენ მხარს.

მათ გასაგონად კი ვიტყვი, რომ როდესაც ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, წარმოუდგენელია , კანონპროექტის ინიცირების წინაისტორია არ გაეთვალისწინებინა, მხედველობაში არ მიეღო მოსალოდნელი კრიტიკა დასავლეთის პოლიტიკური წრეებიდან და მზად არ ყოფილიყო ამ სცენარებისათვის!

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ამ 33 წლის მანძილზე ყველა წინა სახელმწიფო გადატრიალება ეყრდნობოდა ხელისუფლებების შიგნიდან ჩამოშლას, 1991 წელსაც და 2003 წელსაც, თითქმის ანალოგიური სცენარით განვითარდა.

ახლა აღტკინებულ ქართულ ოპოზიციას რა ილუზიაც არ უნდა ჰქონდეს, ხელისუფლების ჩამოშლაზე , თუ გადაბარებაზე, მათ შორის საგარეო მხარდაჭერაზე,  ვფიქრობ, რომ კანონიც მიღებული იქნება მესამე მოსმენით უკვე ამ კვირაში და პრეზიდენტის ვეტოც დაძლეული, ზღვარგადასული საგარეო კრიტიკის და პროტესტის  მიუხედავად და არც  ხელისუფლებას ეტყობა რამე ჩამოშლის!

ცალკეული რადიკალური ჯგუფების მხრიდან ნებისმიერ კანონდარღვევა და კონსტიტუციური ჩარჩოდან გამოსვლა, მოძრაობის პარალიზებით  თუ სახელმწიფო დაწესებულებების  ბლოკირებით, შესაბამისი პასუხი გაეცემა.

არც 1991 წელი განმეორდება, არც მაიდანი 2 გამოვა, არც ვარდების რევოლუცია 2 და არც ფერადი შეფერილობის.

არც საქართველო დარჩება რუსეთის უკანა ეზოდ და ნეოკოლონიად, ამ ბავშვებს რომ ასე აშინებენ, ევროკავშირშიც შევალთ და 2030 წელს ცხოვრების დონითაც ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტის პროგნოზით,  საშუალო ევროპული ქვეყანა ვიქნებით!

დანარჩენი ოქტომბერში გამოჩნდება, მანამდე კი ბევრი რამ გაირკვევა და დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს!”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები