ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იონსეის ონკოლოგიურ ცენტრთან ითანამშრომლებს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) დელეგაცია, სამხრეთ კორეის საგანმანათლებლო-კვლევითი ორგანიზაციების საქმიანობის გაცნობის მიზნით, იონსეის ონკოლოგიური კლინიკის მძიმე იონების ცენტრს ესტუმრა. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ქუთაისის ადრონული ცენტრის პროექტის დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და KIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ფიფიამ დაათვალიერეს ადგილობრივი ადრონული თერაპიის განყოფილება; გაეცნენ თანამედროვე სამედიცინო მოწყობილობებსა და კლინიკური გამოყენების პრაქტიკას.
“მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ადრონული თერაპიის სფეროში ამ ცენტრის უახლეს მიღწევებს.
KIU-ს დელეგაციას უმასპინძლა ონკოლოგიური ცენტრის გენერალური მენეჯერის მოადგილემ, პროფესორმა იანგ ჯაევანმა. მხარეებმა იმსჯელეს გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე როგორც KIU-ს მედიცინის სკოლის, ასევე ქუთაისის ადრონული ცენტრის მიმართულებით, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაპროექტების ეტაპზეა. დაიგეგმება ერთობლივი საგანმანათლებლო-კვლევითი პროექტები, სამედიცინო ფიზიკის, რადიო ონკოლოგიისა და კიბოს მკურნალობის ინოვაციური მეთოდების გამოყენებით. შეხვედრებს ესწრებოდა სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მიხეილ თიგიშვილი.
იონსეის ონკოლოგიური ცენტრი 1969 წელს დაფუძნდა. იგი აერთიანებს მაღალ კლინიკურ სტანდარტებსა და მოწინავე სამეცნიერო კვლევებს, ონკოლოგიის, ზუსტი მედიცინისა და რადიოთერაპიის მიმართულებებით,”- წერია ინფორმაციაში.