თორთომის ციხე – „გურჯისტანის ქვეყნების“ დედაქალაქი“
„თაყა ფანასკერტელმა თორთომის ციხესთან დაამარცხა თურქები“…
იმირ ტაოში, მდ.ევფრატის სათავეებთან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, თორთომის ციხე მდებარეობს. ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ თორთომის ციხესთან ერთ დროს დიდი ქალაქი არსებობდა. ციხესთან გადიოდა შავი ზღვის სანაპიროდან (დღევ. ქ.რიზეს მახლობლად) ისპირისა და ხახულის გავლით რიზედან ერზურუმისაკენ მიმავალი გზა.
XV საუკუნის დასაწყისში თორთომის ციხე თემურ-ლენგის ერთ-ერთ ძირითად ბანაკს წარმოადგენდა ანატოლიასა და ამიერკავკასიაში მისი ლაშქრობების დროს. 1549 წლის დეკემბერში კი ფერდინანდ I-სადმი გაგზავნილ წერილში სულეიმან კანუნი თორთომს – „გურჯისტანის ქვეყნების“ დედაქალაქად მოიხსენიებს.
ვინაიდან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე თორთომის ციხე, ერზურუმის ზეგნისა და შავი ზღვის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობდა, სავარაუდოა, რომ აქვე ყოფილიყო დაიაენის მეფის – ასიას სატახტო ქალაქი.
თორთომი ეკლესიურად იშხნის ეპისკოპოსს ექვემდებარებოდა, აქ იყო ოშკისა და ხახულის მონასტრები. თავისი მდებარეობის გამო თორთომს ერთ-ერთ პირველს უხდებოდა სამხრეთიდან შემოსეული მტრის იერიშის მოგერიება. XIII საუკუნეში ტაოს ერისთავმა თაყა ფანასკერტელმა თორთომის ციხესთან დაამარცხა თურქთა მომთაბარე ტომები, შემდგომში თორთომი სამცხე-საათაბაგოს შემადგენლობაში შევიდა, XVI საუკუნეში კი მას საქართველოს სხვა ტერიტორიის ნაწილთან ერთად ოსმალეთი დაეუფლა.
წყარო: გ. ქავთარაძე – უძველესი ტაო ისტორიულ – გეოგრაფიული თვალსაზრისით – 2.