საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში სიმონ ჯანაშიას დაბადებიდან 125 წლის იუბილე აღინიშნა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას დაბადებიდან 125 წლის იუბილე აღინიშნა.
სხდომა შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. შემდეგ, სიტყვა მოხსენებისთვის გადაეცა ისტორიის დოქტორს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს გიორგი ჭეიშვილს. მოგონებებით ასევე გამოვიდნენ: აკადემიკოსი ავთანდილ არაბული, პროფესორები – ვახტანგ ჯაფარიძე და იულონ გაგოშიძე.
„ქართული საისტორიო მეცნიერების დედაბოძი“ – ასეთი უწოდა სიმონ ჯანაშიას ნიკო ბერძენიშვილმა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას: აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია იმ გამოჩენილ ქართველ ისტორიკოსთაგანია, რომელთა მხრებზეც დგას დღევანდელი ჩვენი ისტორიოგრაფია.
„უაღრესად მნიშვნელოვანია მის მიერ დასმული საკითხი ქართველ ტომთა სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების ცენტრების გადმონაცვლებისა სამხრეთიდან ჩრდილოეთით. პოლიტიკური ცენტრების, საზღვრებისა და ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების ადგილმდებარეობის დადგენით მან გაასწორა არაერთი ხარვეზი, რომელიც ქართულ ისტორიოგრაფიაში ბატონობდა და საშუალება მისცა მკვლევრებს, უფრო რეალურად წარმოეჩინათ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე ისტორიული პროცესები.
უაღრესად აქტუალურია მეცნიერის ის ნარკვევები, რომლებიც აფხაზეთის ისტორიასა და კულტურას ეხება. ამ ნაშრომებში იგი ასაბუთებს ქართულ-აფხაზურ ეთნიკურ მონათესაობას და კულტურულ ერთობას, უძველესი დროიდან მჭიდრო ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირებს. მისი მტკიცებით, ქართულ ენასა და კულტურას თავისი როლი არ დაუკარგავს აფხაზეთში გვიან შუა საუკუნეებში, საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის ჟამს. სწორედ ამ ტრადიციამ განსაზღვრა აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ შარვაშიძის შვილის, გიორგი შარვაშიძის ადგილი ქართული კულტურის ისტორიაში.
ყველაზე დიდი წვლილი, რაც სიმონ ჯანაშიამ შეიტანა ქართული ისტორიოგრაფიის საგანძურში და რომელიც მუდამ დარჩება მის უდიდეს დამსახურებად საქართველოს ძველი და შუა საუკუნეების ისტორიის მეცნიერული შემეცნების თვალსაზრისით, ეს არის მისი ფუნდამენტური გამოკვლევები, რომლებიც ეძღვნება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების პროცესს პრეისტორიული ხანიდან ადრე შუა საუკუნეებამდე.
დიდია სიმონ ჯანაშიას ღვაწლი ქართული არქეოლოგიის განვითარების საქმეში. 1937 წლიდან არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას საქართველოში წარმართავს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტი მისი ხელმძღვანელობით.
სიმონ ჯანაშია ივანე ჯავახიშვილთან და ნიკო ბერძენიშვილთან ერთად იყო „საქართველოს ისტორიის“ სასკოლო სახელმძღვანელოს თანაავტორი და რედაქტორი. ეს იყო ისტორიის პირველი ეროვნული სახელმძღვანელო, რომელმაც დიდი სიყვარული და მოწონება დაიმსახურა. სახელმძღვანელოს სტალინური პრემია მიენიჭა (1946 წ.)“, – დიდი მეცნიერის ღვაწლს მიმოიხილავდნენ გამომსვლელები.
სიმონ ჯანაშია ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდგომ გარდაიცვალა და დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები