“გვიკიჟინებენ, რომ გერმანიის ელჩი უნდა იქნეს გაწვეული და, საერთოდ, ქვეყნიდან იქნეს გაყვანილი; ეს არის ძალიან სერიოზული სკანდალი, რომელიც აუცილებლად ჩვენ დაგვაზიანებს” – ვოლსკი
“გვიკიჟინებენ, რომ [გერმანიის] ელჩი უნდა იქნეს გაწვეული და საერთოდ, ქვეყნიდან იქნეს გაყვანილი. ეს არის ძალიან სერიოზული სკანდალი, რომელიც აუცილებლად ჩვენ დაგვაზიანებს. ჯერ ერთი, გარანტია არ არის, სხვა ელჩს თუ გამოგზავნიან, მას ექნება ნაკლებად არამეგობრული თვისებები, საქციელი და მეორე – საქართველოს და გერმანიას შორის ურთიერთობას, თუნდაც დღესდღეობით პრობლემებით აღსავსეს, ვერ შევწირავთ ჩვენს ინტერესს. ისევ ვრჩებით ამ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ის საპროტესტო აქციაზე გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მისვლას გამოეხმაურა.
„მართალი გითხრათ, მცირე იმედი გვქონდა, რომ ბერლინში დაბრუნებულ ელჩს, საუბარი ექნებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ასე ღიად, ხისტად ექსტრემიზმის მხარდაჭერა არ შეიძლება. რაღაც გარკვეული პერიოდი აიღეს იმისთვის,რომ ეს გრძნობები და ემოციები ჩამცხრალიყო. ხდება ასეთი რამე, მსოფლიოს დიპლომატიის პრაქტიკაში არის ასეთი რამე და შემდეგ დაბრუნებული ელჩი, რა საკვირველია, სხვა ნაბიჯებს დგამს და კომპრომისით ორივე მხარე კმაყოფილია. ჩამოვიდა და იმავეს აგრძელებს, ეს არ არის პასუხი მხოლოდ საქართველოს საზოგადოებისადმი და მხოლოდ მისი შეურაცხყოფა არ არის. გერმანიაში, დღეს, ყველაზე პოპულარული პარტია სვამს შეკითხვას- რატომ ქირაობს ელჩი ბინა ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერისგან,რომელიც არის ოპოზიციაში და ექსტრემიზმის განვითარებას უწყობს ხელს. საერთოდ, რა წარმოადგენს ეს შეთანხმება, რატომ გადაიხადა ხაზარაძემ ჯარიმა? რა იყო, რა დარღვევა ჩაიდინა და იცოდა, თუ არა ამ დარღვევის თაობაზე და ზოგადად, ეს პოლიტიკური აქტივობა, არის თუ არა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა? ამ და სხვა საკითხების გამო ამ პარტიას ბანკში ანგარიშები საერთოდ დაუხურეს, ურთიერთობაც არანაკლებ ხისტია, ვიდრე ჩვენ გაგვიგია ამის შესახებ. პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირებები გვინახავს, მაგრამ იქ საკმაოდ ხისტია. ანუ მარტო ჩვენ კი არ გაგვცეს პასუხი, იმათაც გასცეს პასუხი, ვინც ამ საკითხზე ზედმეტ შეკითხვებს სვამს, მაგრამ ჩვენი პოზიცია არის სწორი და მართებული“, – განაცხადა ვოლკსიმ.