გიორგი ცუცქირიძე: “გამჭვირვალობის შესახებ ანალოგიურ საკანონმდებლო ინიციატივებს სხვა ქვეყნებიც დააინიცირებენ, ეს თავად ევროკავშირსაც ეხება”
ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით წერს.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის შექმნის პირობა, რომელიც კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დადო, აჩვენებს, რომ ეროვნული უსაფრთხოება საგარეო ჩარევის, მათ შორის პოლიტიკური ლობიზმისაგან თავის დასაცავად მთელი სიმწვავით დგას თვით ისეთი ქვეყნისათვის, რომელიც არის დიდი შვიდეულის წევრი ქვეყანა და “ნატოს” წევრიც ამავდროულად!
ნიშანდობლივია, რომ ინიცირებულ კანონპროექტში კანადის მთავრობა განმარტავს უცხოურ ჩარევას, როგორც “ბოროტ საქმიანობას, რომელსაც ახორციელებენ უცხო სახელმწიფოები, ან მათი სახელით მოქმედი, საკუთარი სტრატეგიული მიზნების წინსვლის მიზნით, კანადის ეროვნული ინტერესების საზიანოდ”.
კანადის მხრიდან ამ კანონის დაინიცირება, ისევე როგორც კიდევ ერთი დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნის საფრანგეთის ქვედა პალატის მხრიდან “გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის უპირობო მხარდაჭერა, საკმაოდ მკაცრი მოთხოვნებით , აჩვენებს ტენდენციებს, რომ ხვალ ანალოგიურ საკანონმდებლო ინიციატივებს სხვა ქვეყნებიც დააინიცირებენ. ეს ეხება თავად ევროკავშირსაც და დიდი ალბათობით, ივნისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროპარლამენტშიც მოხდება ანალოგიური კანონპროექტის ინიცირება, რადგან მისი მიღების საჭიროება თვით დღევანდელი ლიბერალური მმართველობის დროსაც არაერთხელ გაჟღერდა. ნიშანდობლივია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიანიშნა, რომ მზადაა, მჭიდროდ ითანამშრომლოს „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ ჯგუფთან ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ.
ეს პრობლემა თავისთავად უკავშირდება გლობალური უსაფრთხოების საკითხს. ფაქტია, რომ გლობალური ეკონომიკური და სამხედრო კრიზისების ფონზე, გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა მოშლილია, რომლის გარანტიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები იყო, მსოფლიო იცვლება და ახალ კონფიგურაციაში გადადის.
ცოტა ხნის წინ ჯოზეფ ბორელმა, რომელიც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი პირი და ევროპელი დიპლომატია, ბრიტანელ სტუდენტებთან შეხვედრაზე მეტად ნიშანდობლივი განცხადებები გააკეთა, რაშიც ამჯერად ნამდვილად უნდა დავეთანხმოთ. მისი შეფასებით, ევროპა იმყოფება მზარდი საფრთხეების და გამოწვევების წინაშე, რადგან – “ამერიკამ დაკარგა ჰეგემონიის სტატუსი, ხოლო 1945 წლის შემდეგ ჩამოყალიბებული მსოფლიო წესრიგი კარგავს პოზიციას”.
აშშ-ის როგორც ზესახელმწიფოს როლის შესუსტებაზე მიუთითებს მისი საგარეო პოლიტიკის ფატალური მარცხი ავღანეთის მისიისას, საიდანაც ძლივს გამოასწრო გამოსვლა და მრავალმილიარდიანი შეიარაღების დატოვებაც კი მოუხდა.
ბუნებრივია, როდესაც გლობალური არქიტექტურა იცვლება, ის საკმაოდ მტკივნეულად აისახება მსოფლიოზე, ცალკეულ ქვეყნებზე, მათ შორის ჩვენზეც. მსოფლიო, რომ ჩვენს თვალწინ იცვლება, ამას ვხედავთ ჩინეთის მაგალითზე, მიმდინარეობს ჩინეთის მზარდი მოდერნიზაცია ზესახელმწიფოდ. ამის ნათელი დადასტურებაა 5 წლის შემდეგ ჩინეთის პრემიერის ვიზიტი საფრანგეთში, სადაც მას დიდებული დახვედრა მოუწყვეს, დაიდო 20 ხელშეკრულება ქვეყნებს შორის. ამასთან გაუქმდა ყველა ის შეზღუდვა, რაც ქვეყნებს შორის საგარეო ვაჭრობაში არსებობდა, მათ შორის საფრანგეთიდან მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტზე ჩინეთში.
ჩინეთის ვიზიტი საფრანგეთით არ შემოფარგლულა, ის გაგრძელდა სერბეთში, რა დროსაც ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას და სადაც 20 წელია ვიზიტი არ შემდგრა, ასევე ხორვატიაში. ვისაც ცოტაოდენი გეოპოლიტიკა ესმის, ევროპის რუკაზე სერბეთის მნიშვნელობაც უნდა იცოდეს.
რადგან რუსეთის მარცხი, რაც დრო გადის სულ უფრო არარეალურად მოჩანს, ქვეყნები ც საკუთარი უსაფრთხოების გადაწყობასაც ცდილობენ. არც 7 ევროპული ქვეყნის წარმომადგენლის დასწრება არის შემთხვევითი მოსკოვში პუტინის ინაუგურაციაზე, უკრაინის ინტერვენციიდან პირველად.
საქართველოში რა პროცესებიც ახლა მიმდინარეობს, ამ გლობალური ცვლილებების კონტექსტშია განსახილველი. ეს ვრცელი თემაა, თუმცა უნდა ითქვას, რომ როდესაც ამ პროცესების საგარეო ვექტორზე მიდის მსჯელობა, რეალობასთან ახლოსაა. დასავლეთის ასეთი მწვავე და კრიტიკული რეაქცია პარლამენტში ხელმეორედ ინიცირებულ კანონპროექტზეც, გამომდინარეობს სწორედ არსებული რეალობის ცვლილებიდან.
ოფიციალური ვაშინგტონისთვის მიუღებელია ქვეყნის პირობითად “სუვერენული დემოკრატიისაკენ” გადახრა და პოლიტიკის დივერსიფიკაცია, რადგან ის კარგავს წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ გავლენებს, რასაც აქ არასამთავრობო სექტორი უზრუნველყოფდა. აქ იგულისხმება არა მხოლოდ მონიტორინგი, არამედ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში მათი დელეგირებაც. თავის დროზე, ქალბატონ ლომჯარიას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილედ გამწესებაც ხომ ერთი შეხედვით ალოგიკური იყო, მაგრამ ამ პოლიტიკური კონცეფტის შემადგენელი გახლდათ, ისევე როგორც პარლამენტში ორი მოსმენით გასული კანონპროექტის რუსულად მონათვლა.
ნებისმიერი კრიზისული სიტუაცია საბოლოოდ ექვემდებარება გადაწყვეტას, კრიზისის მაშტაბების მიუხედავად, გააჩნიაა კრიზისის დანაკარგებს.
მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორად მოიქცა, როდესაც კანონის მიღება ფორსირებულად არ მოახდინა, რაც მიუხედავად საპროტესტო ფონისა თავისუფლად შეეძლო, ხოლო მესამე განხილვამდე დაინიშნა ევროკავშირში გაწევრიანებზე მოლაპარაკების დაწყების საკანონმდებლო აქტების
განხილვა, რითაც დაიტოვა ერთგვარი ლუფტი როგორც საკუთარ ამომრჩეველთან, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან მიმართებაში დისკუსიისათვის.
ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ მიუხედავად გარედან მძაფრი კრიტიკისა, ინტერესი ქვეყნის მიმართ ერთი ათად არის გაზრდილი, რასაც ამ დღეებში ევროკავშირიდან სოლიდური დელეგაციის ვიზიტი მოწმობს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბატონ მიხაილ როთის ხელმძღვანელობით.
ახლა კანონი პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ დაიძლევა, თუ არა ნაკლებად პრიორიტეტულია, ყველაფერი ისედაც ცხადია. პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, შეიძლება არც დაიძლიოს, თუმცა დასავლეთის სურვილი, ქვეყანა ძველ სტატუსკვოს დაუბრუნდეს, ნებისმიერი სცენარისას, ვფიქრობ არარეალურია.
ამიტომაც მიმაჩნია, რომ პროტესტი, რომელიც ახლა თავის პიკშია, მაისის ბოლოდან მინელდება, პიკური სიტუაციების კანონზომიერებიდან გამომდინარე, აქ არც მეორე მაიდანი გამოვა, არც ვარდების ახალი რევოლუცია და არც 1991 წლის 2 სექტემბერი.
ბოლო დღეებში ძალადობის ფაქტებს რაც შეეხება – ნებისმიერ სახის ძალადობა იქნება ეს ადამიანების მიმართ ფიზიკური, თუ ფსიქოლოგიური ბულინგის სახით, მიუღებელია. ერთადერთი ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება სამართალდამცავ სტრუქტურებს აქვთ და ისიც კანონით დადგენილი ნორმების ფარგლებში!
ოპოზიციას კი ვურჩევდი, არჩევნებისთვის მოემზადოს, სრულ მარგინალიზაციას რომ გადაურჩნენ!”- წერს ცუცქირიძე