ყველაზე პატარა კაცი საბჭოთა კავშირში – კონსტანტინე მოროზოვის ისტორია

ულიანოვსკის მკვიდრი, კონსტანტინე მოროზოვი სიმაღლეში მხოლოდ 63 სანტიმეტრი იყო. თანდაყოლილმა დაავადებამ – ქონდროდისტროფიამ ჩონჩხის განვითარება შეაჩერა და თითქოს მამაკაცს ნორმალური ცხოვრების იმედი წაართვა, მაგრამ კონსტანტინემ შექმნა ოჯახი და სიბერემდე ბედნიერად იცხოვრა.

როგორც თავად  ამბობდა, დედამისი ორსულობისას სარდაფში ჩავარდა და მძიმედ დაშავდა. მისი დაავადებაც სწორედ ამან გამოიწვია. თანაც, მოროზოვების რვა შვილიდან მსგავსი პრობლემა მხოლოდ კონსტანტინეს ჰქონდა.

1937 წელს, როდესაც ბავშვი დაიბადა, ბებიაქალმა კინაღამ გონება დაკარგა – ის ძალიან პაწაწინა იყო და მხოლოდ 300 გრამს იწონიდა. არავინ ელოდა, რომ ასეთი სუსტი ბავშვი გადარჩებოდა, მაგრამ კონსტანტინე ჯიუტი იყო და სიცოცხლისთვის ბოლომდე იბრძოდა. მისი დაბადებისთანავე გავრცელდა მშობლიურ სოფელ სარაში ჭორები იმის შესახებ, რომ მოროზოვებმა რაღაც გაურკვეველი არსება გააჩინეს. მშობლებმა მღვდელს ბავშვის მონათვლა სთხოვეს, მაგრამ მღვდელი მხოლოდ მას შემდეგ დასთანხმდა, რაც დარწმუნდა, რომ ბიჭი აუცილებლად დაიღუპებოდა. საბედნიეროდ, კონსტანტინე ისევ გადარჩა. ექვსი თვის ასაკში მშობლებმა ყაზანში გამოცდილ ექიმებთან წაიყვანეს, მაგრამ მათ უთხრეს, რომ ვერ დაეხმარებოდნენ და თუ ბავშვის შენარჩუნება სურდათ, მშობლებს ის უნდა მოეკლათ და ქილაში შეენახათ. ყველა ამ საშინელების გავლის შემდეგ დედა მიხვდა, რომ ბავშვზე მხოლოდ საკუთარი ძალებით უნდა ეზრუნა.

„კომსომოლსკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში კონსტანტინე მოროზოვი იხსენებდა, რომ ბავშვობიდან მისი ყველაზე დიდი შიში სხვებისთვის ტვირთად ყოფნა იყო. სწორედ ამიტომ, როდესაც მამა ფრონტზე წავიდა, მან, ძმების დახმარებით, ალუმინის ჭურჭლის შემდუღებლად დაიწყო მუშაობა. კატის ზომის 5 წლის ბავშვს შეეძლო, ყველაზე მჭიდრო კონტეინერშიც ჩამძვრალიყო და შიგნიდან დეფექტები გამოესწორებინა.

თუმცა, კონსტანტინეს მუშაობა ძალიან უჭირდა – მის სხეულში არც ერთი მყარი ძვალი არ იყო, ხელები 360 გრადუსით ბრუნავდა, ფეხები კი, საერთოდ არ ემორჩილებოდა. საბედნიეროდ, ფიზიოლოგიურმა პრობლემებმა ბიჭის გონებრივ განვითარებაზე ნეგატიურად ვერ იმოქმედა. დაწყებითი განათლების გარეშეც კი, კონსტანტინე ყოველთვის რაღაცას ხატავდა და იგონებდა.

მართალია, სკოლაში სიარული ძალიან უნდოდა, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. როგორც კი ხელნაკეთ ეტლად გადაკეთებულ საბავშვო ველოსიპედზე შემომჯდარი კონსტანტინე სკოლის დერეფანში გამოჩნდა, ამ სასწაულის სანახავად, ბავშვები და მასწავლებლები კლასიდან გამოვიდნენ. ბავშვები მას დასცინოდნენ, მასწავლებლებს კი, მისი ეშინოდათ, ამიტომ ბიჭი თავად დაეუფლა წერა-კითხვას, მშობლების დახმარებით. კითხვა რომ ისწავლა, წიგნებს ხელიდან არ უშვებდა. დღე არ იყო მისთვის საკმარისი, ამიტომ ღამითაც კითხულობდა.

მოგვიანებით, კონსტანტინე სპიკერი გახდა. კომკავშირის შეხვედრები არ იყო ყველაზე საინტერესო რამ და ახალგაზრდობა ამ შეხვედრებს შეძლებისდაგვარად გაურბოდა ხოლმე, მაგრამ თუ იცოდნენ, რომ მათ წინაშე მოროზოვი წარდგებოდა, მიდიოდნენ და უსმენდნენ. მას პროპაგანდისტული გამოსვლები ძალიან კარგად გამოსდიოდა, რის გამოც კოლმეურნეების ფავორიტი გახდა.

20 წლის ასაკში კონსტანტინე მიხვდა, რომ არ შეეძლო სრულ განაკვეთზე მუშაობა, თანაც ოჯახს ფინანსურად დიდად ვერ ეხმარებოდა. გარდა ამისა, მუდმივი ყურადღებითა და დაცინვითაც დაღლილი იყო.  ბევრი ფიქრის შემდეგ მან მშობლებს სთხოვა, პანსიონში მიეყვანათ. ულიანოვსკის მახლობლად მდებარე პანსიონში კონსტანტინე უსაქმოდ არ იჯდა – პირველივე დღიდან ადგილობრივი კედლის გაზეთის რედაქტირება დაიწყო. იქ მან რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრაც ისწავლა.

33 წლის ასაკში კონსტანტინე 31 წლის ლიდიაზე, პანსიონის ყველაზე ლამაზ გოგონაზე დაქორწინდა. ამ დროისთვის მოროზოვმა საათების შეკეთება ისწავლა და კარგ ფულსაც შოულობდა, ამიტომ წყვილმა კომუნალურ ბინაში ოთახის ყიდვა შეძლო.

კონსტანტინე და ლიდია ჰარმონიაში ცხოვრობდნენ და ბედსაც არასდროს უჩიოდნენ. მამაკაცს მთელი სოფელი კარგად იცნობდა – ის იყო ვაჭრობის ჯადოქარი და დაუღალავი, მხიარული ადამიანი. ზამთარში მოროზოვი ღრმა თოვლში ციგით დადიოდა, რომელშიც მისი ძაღლი იყო შებმული, ხოლო ზაფხულში უგზოობის პირობებს საკუთარი ხელით აწყობილი პატარა ტრაქტორით ამარცხებდა.

80-იან წლებში ასაკმა და ქრონიკულმა დაავადებებმა უფრო და უფრო იჩინა თავი, ამიტომ კონსტანტინე და მისი მეუღლე პანსიონში დაბრუნდნენ. 2000 წელს ლიდია გარდაიცვალა, 2009 წელს კი – კონსტანტინე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები