,,საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ პრანკერებმა, ანუ ტელეფონზე დამრეკავმა ამრევმა ადამიანებმა, ცნობილმა პირებმა დაურეკეს USAID-ის ყოფილ ხელმძღვანელს და მისგან მიიღეს აღიარება იმასთან დაკავშირებით, რომ მილიარდობით თანხა, რაზედაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია საუბრობს, იხარჯებოდა იმისათვის, რათა პროცესები ემართათ და ეს პროცესები იყო პოლიტიკური შინაარსის, კონკრეტულ ამოცანაზე ორიენტირებული და ეს ამოცანა საკმაოდ სერიოზულ შედეგებს ითვალისწინებდა”,- ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
გიორგი ვოლსკის განცხადებით, არაერთი ათეული მილიონი დაიხარჯა არასამთავრობო სექტორის მიერ საქართველოში დესტაბილიზაციის განსახორციელებლად და იგი იმედოვნებს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აღნიშნულ საკითხსაც მიაქცევს ყურადღებას.
„როგორც უკრაინაში ვხედავთ რა ხდება, ასევე მოლდოვაში, ამ თემაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ აქედან არ უნდა გამოვრიცხოთ საქართველოს საკითხიც. რასაკვირველია, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია საქართველოს თემასაც მიაქცევს ყურადღებას, ვინაიდან, სწორედ მათგან ვიცით ჩვენ, რომ არაერთი ათეული მილიონი დოლარია დახარჯული საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში და ასევე არჩევნების შემდეგ, რათა ორგანიზებული ყოფილიყო დესტაბილიზაციის ეს პროცესი, ამ თანხებს იყენებდნენ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის იმისათვის, რომ ამუნიცია შეეძინათ დაეხარჯათ თანხები, რათა დესტაბილიზაციის პროცესს ჰქონოდა შეუქცევადი ხასიათი. ამ საკითხს დღეს იძიებს საქართველოს პროკურატურა“, – აცხადებს გიორგი ვოლსკი.