10 მაისი საქართველოს სახალხო მხატვრის – მურაზ მურვანიძის დაბადების დღეა
დღეს საქართველოს სახალხო მხატვრის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, მრავალი ჯილდოსა და საერთაშორისო პრემიის მფლობელის, მურაზ მურვანიძის იუბილეა. მას 85 წელი შეუსრულდა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს იუბილეს მურაზ მურვანიძეს და ჯანმრთელობასა და შემოქმედებით წარმატებებს უსურვებს.
„მურაზ მურვანიძე ცნობილი და წარმატებული თეატრის მხატვარია. მან თავისი შემოქმედებითი ბიოგრაფია მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო საოპერო და საბალეტო თეატრებს დაუკავშირა. 1988-1992 წლებში მურაზ მურვანიძე იყო პეტერბურგის მარიინსკის თეატრის მთავარი მხატვარი; 1990-1993 წლებში მონტე-კარლოს საერთაშორისო მუსიკალური ასოციაციის, ძველი და ახალი მონტე-კარლოს მთავარი მხატვარი, ხოლო 1998 წელს საერთაშორისო ასოციაციის „აბრეშუმის გზა“ მთავარი მხატვარი.
მურაზ მურვანიძის მოღვაწეობა დაკავშირებულია სახვით ხელოვნებასთან, ქანდაკებასთან, სცენოგრაფიასთან. მისი მონაწილეობით ბევრი წარმატებული სპექტაკლი დაიდგა საქართველოსა თუ უცხოეთში. მისი მრავალფეროვანი შემოქმედებიდან აღსანიშნავია მის მიერ გაფორმებული ოპერები და სპექტაკლები: დ. არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“, დ. თორაძის „ჩრდილოეთის პატარძალი“; მუსიკალური კომედიები, ოპერეტები: ს. ნასიძის „სტუდენტები“, ს. ცინცაძის „სიმღერა ტყეში“; ბალეტები: რ. გაბიჩვაძის „ჰამლეტი“, დ. თორაძის „მწირი“, ა. მაჭავარიანის „ვეფხისტყაოსანი“; სერგეი პროკოფიევის „რომეო და ჯულიეტა“, „კონკია“, ადოლფ ადანის „კორსარი“, პეტრე ჩაიკოვსკის „გედების ტბა“ და არაერთი სხვა.
ასევე, აღსანიშნავია, რეპერტუარიდან: შარლ გუნოს „ფაუსტი“, გაეტანო დონიცეტის „დონ პასკუალე“, მოდეს მუსორგსკის „სოროჩინის ბაზრობა“, სერგეი პროკოფიევის „მოთამაშე“, ჯუზეპე ვერდის „დონ კარლოსი“. აღსანიშნავია, რომ მურაზ მურვაინიძე მუშაობდა ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი ფარდის ესკიზზე.
პარიზში, პიერ არჟილეს ცნობილ მუზეუმში, სალვადორ დალის ნამუშევრებთან ერთად არის მურაზ მურვანიძის შესრულებული დალის პორტრეტი, რომელიც დიდი მხატვრის სიცოცხლეშივე მისი თხოვნით გამოფინეს.
გარდა თეატრალურ-დეკორატიული მოღვაწეობისა, მურაზ მურვანიძე წარმატებით მუშაობს ქანდაკების მიმართულებით. მას ეკუთვნის: ჯორჯ ბალანჩინის ქანდაკება (გია ჯაფარიძესთან ერთად, 1997 წელი), თბილისის მთაწმინდის პარკის გაფორმება, მთაწმინდის პარკის ქანდაკება „ბომბორა“. აგრეთვე ლუის ფერნანდესთან ერთად მხატვარია ქართული მულტფილმისა „ბომბორა სწავლას იწყებს“ (1973 წელი).
მურაზ მურვანიძის მიერ თავისუფლების მოედანზე შესრულებული მანათობელი ნაძვის ხე „ევრონიუსისა“ და „სი-ენ-ენის“ მსოფლიოს საუკეთესო შვიდეულში შეიტანეს.
ხელოვანი ქართული სახვითი და თეატრალური ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი უდიდესი წვლილის, საერთაშორისო ასპარეზზე გამორჩეული წარმატებისა და ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის 2023 წელს ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდა.
მურაზ მურვანიძეს მიღებული აქვს საქართველოს პრესის პრიზი საუკეთესო სპექტაკლისთვის (1963 წელი), ნიუ-იორკის VI საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრი (ფილმი – ბალეტი „მწირი“, 1978 წელი), ვანკუვერის საერთაშორისო გამოფენის ოქროს მედალი (1986 წელი)“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.