„ამ ფილმში სცენარისტ სულიკო ჟღენტის ცხოვრების რეალური ამბავია გამოყენებული“ – „ჯარისკაცის მამა“, „შერეკილები“ და სხვა ამბები
„ზოგიერთები დღეს რაღაც აგდებით ახსენებენ 9 მაისს, ეს კი, სხვა სიტყვას ვერ ვუწოდებ – სიმდაბლე და სიბრიყვეა“ – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თეონა გოგნიაშვილი და საზოგადოებას „ჯარისკაცის მამის“ გადაღების იმ რეალურ ამბავს ახსენებს, რის საფუძველზეც ფილმი შეიქმნა.
„შეიძლება ბევრმა არ იცოდეს ეს ფაქტები: 1964 წელს გადაღებული ფილმი „ჯარისკაცის მამა“ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძურშია შესული. კანის ფესტივალზე ფილმი მსოფლიოს კლასიკური კინოს ეგიდით აჩვენეს. ამ ფილმში სცენარისტ სულიკო ჟღენტის ცხოვრების რეალური ამბავია გამოყენებული. ის 18 წლის იყო, როცა ოჯახის დაუკითხავად ომში მოხალისედ წასულა. ერთი ბრძოლის დროს მძიმედ დაჭრილი ჰოსპიტალში დაუწვენიათ. მამამისს შვილის მოსაძებნად გრძელი და საშიში გზა გაუვლია.
ზოგიერთები დღეს რაღაც აგდებით ახსენებენ 9 მაისს, ეს კი სხვა სიტყვას ვერ ვუწოდებ. სიმდაბლე და სიბრიყვეა!!! არ დაგვავიწყდეს, რომ იმ ომში 300 000 ქართველი დაიღუპა და ისინი საბჭოთა კავშირს კი არა, პირველ რიგში, საქართველოს იცავდნენ. ნათელი დაადგეთ მათ ხსოვნას“, – წერს თეონა გოგნიაშვილი.
„კვირამ“ კითხვით მიმართა თეონა გოგნიაშვილს:
– 9 მაისის თემაზე არაერთი ჟურნალისტური მასალა მოამზადეთ. რომელს გაიხსენებდით დღეს?
– რადგან 9 მაისია, მინდა გავიხსენო ორი ძალიან ცნობილი მსახიობი, რომლებიც ჩავწერე ჩემს საავტორო სატელევიზიო გადაცემაში. „ნოსტალგიური ალბომის“ გამოშვება ომის თემაზე მომზადდა და პირველ არხზე გავიდა. ერთი მათგანი იყო მსახიობი აბრეკ ფხალაძე – კაცი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში საკონცენტრაციო ბანაკის ჯოჯოხეთი გამოიარა…
როცა ომის საშინელებებს იხსენებდა, ვერაფრით ვიჯერებდი, რომ ეს ცნობილი ფილმის „შერეკილების“ უწყინარი პერსონაჟი ნოშრევან კუჭუხიძე იყო…
მეორე კი, მსახიობი აბესალომ ლორია, რომელიც გადაღების დროს, მოულოდნელად მედლებასხმული კოსტიუმით გამოგვეცხადა. თანაც, იხუმრა, რომ პარაშუტი ვერ მანდეს, რადგან იმდენად მსუბუქი ვიყავი, რომ ქარი ეგრევე მოწინააღმდეგის ბანაკში წამიღებდაო. ნათელი მათ ხსოვნას.
თამარ შაიშმელაშვილი