შარმანაშვილი – არასამთავრობოებზე: ყიდულობდნენ ათასგვარ ატრიბუტიკას, ურიგებდნენ მომიტინგეებს და აქეზებდნენ, რომ ძალადობრივი აქციები განეხორციელებინათ

“ყიდულობდნენ ათასგვარ ატრიბუტიკას, ურიგებდნენ მომიტინგეებს და აქეზებდნენ, რომ ძალადობრივი აქციები განეხორციელებინათ. ნუ ნერვიულობენ, ვისაც დანაშაული არ ჩაუდენია მას ბრალს არ წაუყენებენ”, – ამის შესახებ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

ის მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა, რომელიც საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარეობს.

„ისინი ყიდულობდნენ ათასგვარ ატრიბუტიკას, ურიგებდნენ მომიტინგეებს და აქეზებდნენ, რომ ძალადობრივი აქციები განეხორციელებინათ ხელისუფლების წარმომადგენლებისა და შენობების წინააღმდეგაც კი. თქვენ იცით, რომ ხანძარიც კი გააჩინეს საქართველოს პარლამენტში. ნერვიულობენ, რომ თითქოს შევიწროება მოხდება სამოქალაქო საზოგადოების და ა.შ. ყველა კარგად აცნობიერებს, რომ განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ იქნება ეს გამოძიება. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს გამოძიება და შემდგომ სასამართლო, ეს გასაჩივრდება სტრასბურგის სასამართლოში, როგორც წესი ასე აკეთებენ ხოლმე. დარწმუნებული ვარ, რომ მტკიცებულებების ისეთი მაღალი ხარისხი იქნება იმ შემთხვევაში თუ ვინმეს ბრალს წაუყენებენ, რომ არანაირი პერსპექტივა არც ჩვენს სასამართლოს, არც სტრასბურგის სასამართლოში ბრალდებულებს არ ექნებათ. ასე, რომ ნუ ნერვიულობენ. ვისაც დანაშაული არ ჩაუდენია მას ბრალს არ წაუყენებენ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

შეგახსენებთ, შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშს ყადაღა დაედო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები