ირაკლი ზარქუა – ვიზალიბერალიზაციაზე: შანტაჟი გრძელდება საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენი სახელმწიფოს მიმართ და ეს არახალია
შანტაჟი გრძელდება საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენი სახელმწიფოს მიმართ და ეს არახალია, ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, კითხვა აქვს, რა კავშირია ვიზალიბერალიზაციასა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონთან.
„შანტაჟი გრძელდება საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენი სახელმწიფოს მიმართ და ეს არახალია. თქვენ გახსოვთ, მათ შორის, არჩევნებამდე, ოქტომბრის არჩევნები როდესაც გაიმართა, საპარლამენტო, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რა პერიპეტიები გამოვიარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კანდიდატ სახელმწიფოსთან მიმართებაში უპირატესობა გვქონდა, მათ შორის, მათ მიერ შეფასებაში, ევროკავშირის, კომისიების და ა.შ. საერთაშორისო ორგანიზაციების, მაინც ერთი წლის დაგვიანებით მოგვცეს.
შემდეგ იყო, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციას წაგართმევთ, არ წაგართმევთ. ეს მუქარა დღემდე გრძელდება.
ახლა ახალი მოიგონეს. რომ ვერაფერს ჩასწვდნენ. თავიანთი ექსპერტების, კომისიების მიერ დადგენილია, საქართველო ლიდერია არამხოლოდ კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, კარგი მმართველობით, ბიუჯეტის გამჭვირვალობით. მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუციების ნდობის რეიტინგში. ნატოს 12 სახელმწიფოს ვუსწრებთ, ევროკავშირის 9 თუ 11 სახელმწიფოს. ანუ, ის მოცემულობა გვაქვს, სადაც ორმაგი სტანდარტი არის დღესავით ნათელი და ამას აგრძელებენ.
ახლა ახალი მოიგონეს, რომ 31 აგვისტომდე გვაქვს ვადა მოცემული, რომ თურმე ვიზალიბერალიზაციას შეგიწყვეტთ, თუ ოჯახური ღირებულებების კანონს არ გააუქმებთო. კითხვა გვაქვს, ჯერ დაგვიმტკიცეთ რა ბმა აქვს ერთს მეორესთან და შემდეგ ვიმსჯელოთ, კი ბატონო. სად ვიზალიბერალიზაცია და სად ოჯახური ღირებულებები და რა არის აქ ჩამონათვალი, რომ ლგბტ წყვილს არ მიეცეს შვილად აყვანის უფლება. მეორე, რომ არ მივცეთ ქორწინების საშუალება, რაც საბერძნეთს დამართეს. ეს უძველესი ცივილიზაციის, ისტორიის, წარსულის მქონე სახელმწიფო ჯერ ვალებში ჩააგდეს და შემდეგ აიძულეს ეს. ყოველდღე ტრაგედიებია. მე იქ ვიყავი. დიასპორის კომიტეტის სტატუსით მე შევხვდი ჩვენს მოქალაქეებს და ისინი მომიყვნენ რა ტრაგედიები ხდება იქ, რა დაპირისპირებები საზოგადოებაში. ჩვენ ვთქვით, რომ ლგბტ პროპაგანდა ბაღებსა და სკოლებში არ უნდა იყოს.
მაინტერესებს, ევროკავშირის წარმომადგენლებს ვკითხავდი, რა ბმა აქვს ვიზალიბერალიზაციას ჩემს მიერ ჩამოთვლილთან.
მეორე, გამჭვირვალობის შესახებ კანონი გააუქმეთო. კითხვა ისმის, რატომ? თქვენს სახელმწიფოებში თუ არის ეს კიდევ უფრო გამკაცრებულ ფორმატში და ფორმაში. აშშ-ში „ფარა“ მიიღეს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. აღარ არის საბჭოთა კავშირი და დღემდე არის, უფრო მკაცრ ფორმებში. თუ იქ არის, ევროკავშირში არის, თუ საფრანგეთის სენატმა მიიღო, მე რატომ არ უნდა მივიღო, გამაგებინეთ. მით უმეტეს, მაგალითი გვაქვს. USAID რომ გვეგონა კარგ საქმეებს აკეთებდა, თვითონ, ამერიკელი ხალხის ფული ბოროტ საქმეს ემსახურებოდაო. ტრამპმა აბრაც კი გააუქმა. ის კი არა, რომ ცვლილებები შეიტანა, აბრაც კი გააუქმა და ისე დახურა, ისეთ სიბოროტეებს აფინანსებდა. ჰოდა, როდესაც ეს მაგალითი გვაქვს ჩვენი ქვეყნის მიმართ, როდესაც ყველას აქვს ინტერესი, არა მხოლოდ რუსეთს, ჩრდილოეთ მეზობელს, სამხრეთი, დასავლეთი, აღმოსავლეთი. ყველას აქვს ინტერესი, რომ საქართველო თავის გავლენის ქვეშ იყოს და ამ მოცემულობაში, როდესაც აქ ამდენი აგენტურაა ჩაბმული, ადგილობრივი უსამშობლოები, ცალკეული სახელმწიფოების წარმომადგენლები, გამჭვირვალობის კანონით რას ვეუბნებით, რაში ხარჯავთ ფულს და ვინ გაფინანსებს. ეს არის, მეტი არაფერი. ის, რაც თავიანთ ქვეყნებში მისაღებია, ჩვენთან რატომ არის მიუღებელი?“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.