“რაში სამოქალაქო ორგანიზაციას წიწაკის სპრეი სჭირდება. ხომ ნათელია, რომ ეს სპრეი არის პოლიციელის, სახელმწიფოს კონკრეტული თანამდებობის პირის წინააღმდეგ გამოსაყენებლად და ამ ყველაფრის მიზანია დესტრუქცია”, – ამის შესახებ, საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
ის გამოეხმაურა საკითხს, რომლის მიხედვითაც შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო.
„რაში სჭირდება სამოქალაქო ორგანიზაციას წიწაკის სპრეი. ხომ ნათელია, რომ ეს სპრეი არის პოლიციელის, სახელმწიფოს კონკრეტული თანამდებობის პირის წინააღმდეგ გამოსაყენებლად და ამ ყველაფრის მიზანია დესტრუქცია.
როდესაც ნატროშვილი ამბობს, რომ ჩემი კოლეგისთვის მე შევიძინე წიწაკის სპრეიო, ეს გულისხმობს იმას, რომ ისიც და მისი კოლეგაც მონაწილეობდნენ იმ პროცესებში, რომლებიც იყო გარედან მართული და დაფინანსებული, რათა ქვეყანაში მოეწყოთ დესტრუქცია და აეყირავებინათ ხელისუფლება, როგორც ეს მათი სურვილი იყო, დავალებას ასრულებდნენ ამ შემთხვევაში და დაებრუნებინათ ისევ ის აგენტურა, რომელმაც 2012 წლამდე გააჩანაგა ჩვენი ქვეყანა“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.