“სტუდენტებს მშვიდობიანი პროტესტის უფლება აქვთ, მაგრამ ქაოსის უფლება არ გააჩნიათ” – ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ქვეყანაში მიმდინარე პროპალესტინურ აქციებს მოკლე კომენტარით გამოეხმაურა.
მისი თქმით, მშვიდობიანი პროტესტის უფლება არ გაუქმებულა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მომიტინგეებს არეულობის მოწყობა შეუძლიათ.
”მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო ტრადიციაა, მაგრამ ჩვენ კანონის ქვეყანა ვართ და წესრიგი უნდა ჭარბობდეს”, – თქვა მან და დასძინა, რომ კანონი ძალადობრივ ქმედებებს არ იცავს.
თეთრი სახლის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვანდალიზმი, ფანჯრების მსხვრევა, კამპუსების გადაკეტვა და ლექციების გაუქმების იძულება – მშვიდობიანი პროტესტის კონცეფციაში ვერ ჯდება.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა, სტუდენტების პროტესტმა შეცვალოს მისი პოზიცია ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ “ეს არ მოხდება”.
როგორც BBC წერს, ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ში არ არის „ადგილი ანტისემიტიზმისთვის ან ებრაელი სტუდენტების მიმართ ძალადობის მუქარისთვის“, ისევე, როგორც არ არის ადგილი ისლამოფობიისთვის ან დისკრიმინაციისთვის არაბი ამერიკელების, ან პალესტინელი ამერიკელების მიმართ.