რუსეთი ჩრდილოეთ კორეას ნავთობპროდუქტებს სანქციების გვერდის ავლით აწვდის – ჯონ კირბი
რუსეთი ჩრდილოეთ კორეას ნავთობპროდუქტებს გაეროს სანქციების გვერდის ავლით აწვდის.
ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
ამავდროულად, რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების დაცვის მონიტორინგის ექსპერტთა ჯგუფის მანდატის გაგრძელება დაბლოკა. შედეგად, ჯგუფმა მუშაობა 1-ელ მაისს შეწყვიტა.
„მოსკოვმა ვეტო დაადო ჯგუფის მანდატის გაგრძელებას და, ამავდროულად, რუსეთი ახორციელებს ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებას ვოსტოჩნის პორტიდან ჩრდილოეთ კორეაში“, – ციტირებს Reuters-ი ჯონ კირბის.
კირბის თქმით, მხოლოდ მარტში რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას 165 ათასი ბარელი ნავთობპროდუქტი გაუგზავნა, ხოლო სანქციების პირობებით, ფხენიანს წელიწადში მხოლოდ 500 ათასი ბარელის იმპორტის უფლება აქვს.
თავის მხრივ, ეუთოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ტრეისი ნიუელმა ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ გასული წლის ბოლოდან ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს 11 000 საბრძოლო მასალებით დატვირთული კონტეინერები, ბალისტიკური რაკეტების გამშვები და მათთვის რამდენიმე ათეული რაკეტა გაუგზავნა.