„სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში პრობლემების დამალვა შეუძლებელია“ – არარატ მირზოანი

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი აცხადებს, რომ სომხეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროს მოიცავს, უსაფრთხოების სფეროში კარგი კავშირებია შენარჩუნებული.

თუმცა, მისი თქმით, დღეს ქვეყნების განსხვავებული შეხედულებები აქვთ “და, მარტივად რომ ვთქვათ, ერთმანეთის ენა აღარ გვესმის. რუსეთთან ურთიერთობაში არსებული პრობლემების დამალვა შეუძლებელია“.

ამის შესახებ მან არგენტინულ გამოცემა Todos Noticias-თან ინტერვიუში განაცხადა.

მირზოიანს უჭირს ორმხრივი ურთიერთობების სამომავლო პროგნოზის გაკეთება, თუმცა ამბობს, რომ „სომხეთს სამართლიანი მოლოდინები აქვს ქვეყნების მიერ ნაკისრი ვალდებულებების ურთიერთშესრულებასთან დაკავშირებით“.

მინისტრი ასევე შეეხო ნატოსთან სომხეთის ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ ერევანი ალიანსთან ურთიერთქმედებაშია, მაგრამ ორგანიზაციაში გაწევრიანება არ იგეგმება. პოლიტიკოსის თქმით, საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას მინისტრმა პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ციტირება მოახდინა, რომელმაც ევროპარლამენტში განაცხადა, რომ „სომხეთი მზადაა, დაუახლოვდეს ევროკავშირს, რამდენადაც ევროკავშირი ამას შესაძლებლად მიიჩნევს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები