Bloomberg: პუტინის გარემოცვაში არ სჯერათ, რომ “კროკუსზე” თავდასხმის უკან უკრაინა დგას
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტი – ვლადიმერ პუტინი აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმასთან კავშირი უკრაინას აქვს, მისი გარემოცვის ნაწილს ამის არ სჯერა.
ამის შესახებ Bloomberg-ი კრემლთან მჭიდრო კავშირში მყოფ ოთხ პირზე დაყრდნობით წერს.
მათი თქმით, რუსეთის ხელისუფლებას კიევის ჩართულობასთან დაკავშირებით მტკიცებულება არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ თავად პუტინმა, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ФСБ-ს დირექტორმა ისაუბრეს.
ერთ-ერთმა წყარომ თქვა, რომ პუტინი ესწრებოდა დისკუსიებს, რომლის დროსაც ოფიციალური პირები შეთანხმდნენ, რომ კიევთან კავშირი არ იყო. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტს გადაწყვეტილი აქვს, გამოიყენოს ეს ტრაგედია უკრაინის ომის გარშემო რუსების გასაერთიანებლად.
სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, კრემლში ოფიციალური პირები შოკირებული იყვნენ, რომ უშიშროების სამსახურებმა ტერაქტი ვერ აღკვეთეს.
მათი თქმით, რუსული პოლიტიკური და ბიზნესელიტის თითქმის არცერთ წარმომადგენელს არ სჯერა, რომ თავდასხმის ხელშეწყობა უკრაინის ხელისუფლებიდან მოდის.