გაერო: რუსმა სამხედროებმა ბოლო 3 თვის განმავლობაში, სავარაუდოდ, 32 უკრაინელი ტყვე მოკლეს

რუსმა სამხედროებმა ბოლო სამი თვის განმავლობაში, სავარაუდოდ, 32 უკრაინელი ტყვე მოკლეს.

ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისში განაცხადეს.

როგორც აღნიშნულია, ოფისმა მიიღო მტკიცებულება, რომ მკვლელობა, სავარაუდოდ, 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის თებერვლამდე მოხდა.

როგორც გაეროს ოფისი აღნიშნავს, მოკლული უკრაინელი პატიმრების რიცხვი „საგრძნობლად მეტია, ვიდრე ნებისმიერ წინა პერიოდში“.

მათ მოხსენებაში აღწერილია პატიმრების მკვლელობის შემთხვევები იარაღის დაყრის ან დაკითხვის დროს.

კერძოდ, თვითმხილველებზე დაყრდნობით, გაეროს ექსპერტები წერენ, რომ ერთ-ერთმა რუსმა ჯარისკაცმა ზაპოროჟიეს რეგიონის სოფელ რაბოტინოსთან უკრაინელ სამხედროს ჯერ ფეხში ესროლა, რადგან ის გარკვევით არ ლაპარაკობდა, შემდეგ კი ზურგში ორი გასროლით მოკლა.

ანგარიშში, ასევე, აღწერილია რუსი სამხედროების მიერ დატყვევებული უკრაინელი ჯარისკაცების წამება, მათ შორის ცემა, ელექტროშოკის გამოყენება, იმიტირებული სიკვდილით დასჯა და სექსუალური ძალადობა. ზოგიერთ შემთხვევაში პატიმრებს აიძულებდნენ რუსეთის ეროვნული ჰიმნის შესრულებას, არ აძინებდნენ ან ტუალეტით სარგებლობას უკრძალავდნენ.

გაეროს ექსპერტებმა უკრაინაში მყოფი 44 რუსი სამხედრო ტყვეც გამოკითხეს. ისინი არ საუბრობენ წამების შესახებ დაკავების ადგილებში, მაგრამ აცხადებენ, რომ აწამებდნენ ან ცუდად ეპყრობოდნენ ტრანსპორტირების დროს ან დატყვევებისთანავე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები