FT: აშშ მოუწოდებს უკრაინას, შეწყვიტოს თავდასხმები რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე
შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა კიევს, აღარ მიიტანოს დარტყმები რუსეთის ნავთობის საცავებსა და სხვა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რადგან შიშობს, რომ ამან შესაძლოა, გამოიწვიოს შემდგომი ესკალაცია და ენერგორესურსებზე ფასების გლობალური ზრდა.
ამის შესახებ Financial Times-ი 3 წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი გაფრთხილება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსა და მთავარ სადაზვერვო სამმართველოს გადასცეს, რომლებიც შესაბამის ოპერაციებს ზედამხედველობენ.
შეერთებული შტატების შეშფოთების ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ რუსული ექსპორტის შემცირებამ შესაძლოა, გამოიწვიოს მსოფლიო ფასების ზრდა, რადგან, სანქციების მიუხედავად, რუსეთი კვლავ რჩება ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორად. საწვავის ფასების ზრდამ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს შეერთებულ შტატებში მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე.
ასევე, ვაშინგტონში არსებობს შეშფოთება, რომ, უკრაინის თავდასხმების საპასუხოდ, რუსეთმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას შესაძლოა, “რაღაც გაუკეთოს”.