NYT-მა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებიდან 5 დასკვნა გამოიტანა
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა გამარჯვება 87,33%-ით მოიპოვა და ის ქვეყანას, სულ მცირე, 2030 წლამდე უხელმძღვანელებს.
ის იქნება ქვეყნის უკვე მეხუთედ არჩეული პრეზიდენტი, რომლის კონსტიტუცია პოსტზე არჩევას ორი ვადით ზღუდავს.
ამის შესახებ The New York Times-ის მასალაშია ნათქვამი.
გამოცემის ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ არჩევნები მიზნად ისახავდა უკრაინაში ომის საწარმოებლად საჯარო მანდატის მიღებას და პუტინის, როგორც სტაბილურობის განსახიერების იმიჯის აღდგენას.
გამოცემას ჩატარებული არჩევნებიდან 5 დასკვნა გამოაქვს.
1. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება პროგნოზირებადი იყო, პუტინის მაჩვენებლებმა მოლოდინს გადააჭარბა. ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ კრემლი შედეგს დაახლოებით 80%-ის ნიშნულზე დააფიქსირებდა, მაგრამ პუტინმა მიიღო ხმების გაცილებით მაღალი შედეგი, რომელიც 90%-ს უახლოვდება. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დიდი ხანია, მთელი სისტემის ლეგიტიმაციის საშუალებაა. მაგრამ პუტინის დიდმა უპირატესობამ შესაძლოა, ამას ძირი გამოუთხაროს. ამან შესაძლოა, გააჩინოს კითხვები სულ უფრო ავტორიტარულ კრემლშიც, “სჭირდება თუ არა რუსეთს ასეთი ილუზია”.
2. კრემლმა სრულად ვერ მიაღწია ეროვნული ერთიანობის იმიჯს, რომლისკენაც მიისწრაფვოდა. პუტინი ყოველთვის ცდილობს, შექმნას პოლიტიკური სტაბილურობისა და კონტროლის იმიჯი. მაგრამ ამჯერად ოპოზიციურ პოლიტიკასთან დაკავშირებული სამი მოვლენა იყო, რამაც ეს იმიჯი გააფუჭა. პირველი იყო იანვარში, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობით რუსი დადგა რიგში, რომ ხელი მოეწერა ბორის ნადეჟდინის კანდიდატად წარდგენის პეტიციას; თებერვალში ციხეში მოულოდნელად, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა და პუტინის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მის დაკრძალვაზე ათასობით ადამიანი მივიდა; და ბოლოს, არჩევნების მესამე დღის “შუადღისას” საარჩევნო უბნებთან პუტინისა და ომის წინააღმდეგ ჩუმი პროტესტის გამოსათქმელად მასობრივი პროტესტი გაიმართა.
3. პუტინს ექნება სახალხო მანდატის მიღების სურვილი უკრაინაში ომის საწარმოებლად. პუტინის კამპანია და თავად კენჭისყრა ომმა მოამზადა. მან არჩევნებში მაღალი აქტივობა შეაფასა, როგორც „ჩვენ, ფაქტობრივად, იძულებულნი ვართ, ავიღოთ იარაღი ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ხალხის ინტერესების დასაცავად“.
4. ომი კვლავაც იქნება კრემლის საორგანიზაციო პრინციპი. თებერვალში ერისადმი ყოველწლიურ მიმართვაში, რომელიც მთავარი წინასაარჩევნო გამოსვლაც გახდა, პუტინმა პირობა დადო, რომ რუსეთს შეუძლია, მიაღწიოს თავის სამხედრო მიზნებს მაშინაც კი, როდესაც ინვესტიციას განახორციელებს ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურაში. პუტინმა, ასევე, თქვა, რომ ომის ვეტერანებმა უნდა შექმნან „ახალი ელიტის“ ბირთვი, რომელმაც ქვეყანა უნდა მართოს, რადგან მათმა სამსახურმა რუსეთის ინტერესებისადმი ერთგულება დაამტკიცა. მოსალოდნელია, რომ ეს წინადადება დააჩქარებს ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი ძლიერი პატრიოტიზმის გამოხატვის ტენდენციას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პუტინი ცდილობს, უფროსი მოკავშირეები ახალგაზრდა თაობებით ჩაანაცვლოს.
5. რუსები საკუთარ მომავალთან დაკავშირებით მშვიდად არ არიან. რუსეთში ნებისმიერი საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი, არის პერიოდი, როდესაც კრემლი, ჩვეულებრივ, არაპოპულარულ პოლიტიკას ატარებს. ასე იყო 2018 წლის შემდეგაც, როდესაც პუტინმა საპენსიო ასაკი გაზარდა. რუსები შიშობენ, რომ კარს მომდგარია ახალი სამხედრო მობილიზაცია ან გაძლიერებული შიდა რეპრესიები.