სირიაში ტრიუფელის შემგროვებლები ნაღმზე აფეთქდნენ – დაღუპულია 16 ადამიანი
სირიაში ტრიუფელის შეგროვების დროს ნაღმების აფეთქების შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინჰუა“ სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრზე დაყრდნობით იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც ადამიანების ჯგუფი ტრიუფელს ეძებდა ჩრდილოეთ სირიის რაქას პროვინციაში. დაღუპულთა შორის ცხრა ქალია. გარდა ამისა, სულ მცირე ექვსი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაღმები სავარაუდოდ ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ დაგებული იყო.
იანვრიდან მოყოლებული, მონიტორინგის ცენტრმა, სირიაში ნაღმების და სხვა საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად ადამიანების დაღუპვის 74 ფაქტი დააფიქსირა.