საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერებმა ბერლინში გამართული შეხვედრის შემდეგ, უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
მათი თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა რუსეთმა ამ ომში არ მოიგოს, მაგრამ არის პოზიცია, რომ არ დაიწყოს ესკალაცია.
ე.წ. „ვაიმარის სამკუთხედის“ ფორმატში შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა არაფერი თქვა უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ თავის პოზიციაზე, თუმცა მისივე განცხადებით, შეთანხმდა პოზიცია, რომ არ მოხდეს ესკალაციის დაწყება.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა, რათა რუსეთმა არ მოიგოს ეს ომი. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისა და მისი ხალხის მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება და, როგორც [ომის] პირველივე დღიდან, ჩვენ არ დავიწყებთ რაიმე ესკალაციას. მაგრამ ჩვენი განწყობა მტკიცეა. ეს ასევე გულისხმობს ჩვენს ერთიანობას და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება რამდენიმე ინიციატივასთან დაკავშირებით, ერთად ვიმუშაოთ ძალიან კონკრეტულ საკითხებზე“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უკრაინის მხარდაჭერას.
„ერთი რამ ცხადია: ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას. ისიც ნათელია, რომ ჩვენ არ ვართ ომში რუსეთთან. ჩვენი საერთო მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინამ შეძლოს ეფექტურად დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან. გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი ამის ერთგულნი არიან. ჩვენ არ ვიტყვით უარს ჩვენს ვალდებულებებზე“, – განაცხადა შოლცმა.
პოლონეთის მთავრობის მეთაურმა დონალდ ტუსკმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარება უნდა იყოს მყისიერი და რაც შეიძლება დიდი, რათა უკრაინაში ვითარება უახლოეს მომავალში არ გაუარესდეს, არამედ გაუმჯობესდეს.
„ჩვენ გვაქვს იდენტური შეხედულებები იმის შეფასებასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის სრულად პასუხისმგებელი დაძაბულობის ესკალაციაზე, ვინ არის პასუხისმგებელი უკრაინის ტრაგიკულ მოვლენებზე, ვინ არის აგრესორი და ვინ იმსახურებს ჩვენს უპირობო მხარდაჭერას“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.