ნატოს ქვეყნების დაზვერვის შეფასებით, რუსეთი ყოველთვიურად, დაახლოებით, 250 ათას საარტილერიო ჭურვს აწარმოებს, რაც წელიწადში, დაახლოებით, 3 მილიონ ერთეულს უდრის.
ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ამავდროულად, როგორც ტელეკომპანიას ევროპული სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსანმა უთხრა, აშშ-ის და ევროკავშირის სიმძლავრეები უკრაინისთვის ყოველწლიურად მხოლოდ 1,2 მილიონი ჭურვის მიწოდების შესაძლებლობას იძლევა.
”რესურსების წარმოების ომში ჩავებით. უკრაინაში ომის შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რესურსს ფლობს თითოეული მხარე ომის საწარმოებლად“, – ამბობს მაღალჩინოსანი.
CNN-ის ცნობით, ამჟამად რუსეთი დღე-ღამეში, დაახლოებით, 10 ათას ჭურვს ისვრის, მაშინ როდესაც უკრაინა – 2 ათასს. ევროპული დაზვერვის წარმომადგენელი ამბობს, რომ ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებში ვითარება კიდევ უარესია.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ უკრაინამ დასავლელი მოკავშირეებისგან თანამედროვე იარაღის სისტემები მიიღო, მაგრამ სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კონფლიქტში, სავარაუდოდ, გაიმარჯვებს ის, ვინც მეტ საარტილერიო ჭურვს გამოიყენებს.
ნატოს ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთი ჭურვების წარმოების ქარხნებს 24-საათიან რეჟიმში ამუშავებს, ამავე დროს, მუშები 12-საათიანი შრომის შემდეგ იცვლებიან. რუსეთის თავდაცვის სექტორში ახლა, დაახლოებით, 3,5 მილიონი ადამიანია დასაქმებული, ომის დაწყებამდე 2-2,5 მილიონი იყო.
გარდა ამისა, რუსეთი ჭურვებს ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდანაც იღებს.
როგორც ექსპერტები ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ რუსული სამხედრო მანქანა სრული დატვირთვით მუშაობს, მის შესაძლებლობებსაც აქვს საზღვარი. მოსალოდნელია, რომ ასეთ ზღვრულ პერიოდს ის მომდევნო წელს მიაღწიოს.
CNN-ის ექსპერტების აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში დასავლეთს ჯერ კიდევ შეუძლია დაეწიოს რუსეთს ჭურვების წარმოებაში – და, ამავე დროს, უკეთესი აღჭურვილობა აწარმოოს.
„დასავლეთი ახლა იწყებს ინფრასტრუქტურის შექმნას საბრძოლო მასალის წარმოების საჭირო დონის უზრუნველსაყოფად“, – განუცხადა ტელეკომპანიას აშშ-ის ევროპული სარდლობის უფროსის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა სტივენ ბაშამმა.