ლეო ვარდიაშვილი – მწერალი, რომელსაც უკვე იცნობენ ინგლისურენოვან ქვეყნებში და მალე ქართულადაც წაიკითხავენ
ასეთი სიამაყე იშვიათად განმიცდია ლონდონში. ბოლოს ეს თორმეტი წლის წინათ იყო, როცა მარჯანიშვილის თეატრმა შექსპირის „გლობუსში” ლევან წულაძის მიერ დადგმული „როგორც გენებოთ” წარმოადგინა. ახლა კი მსგავსი განცდა პიკადილზე მდებარე წიგნის სახელგანთქმულ მაღაზია Waterstones-ში დამეუფლა, როცა ახალი გამოცემების თაროზე ლეო ვარდიაშვილის სადებიუტო რომანი Hard by a Great Forest (გამომცემლობა Bloomsbury Publishing 2024) აღმოვაჩინე.ლეო ვარდიაშვილის ლიტერატურულმა დებიუტმა, რომელიც ლონდონში დამკვიდრებული ქართველი მამისა და მისი ორ ვაჟიშვილის ამბავს ასახავს და რომელთა ოდისეაც ოჯახის გადასარჩენად ამჯერად ისტორიულ სამშობლოში გრძელდება…
ამ რომანმა მძაფრი ინტერესი უკვე აღძრა ბრიტანეთის, ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, ინდოეთის, ამერიკის შეერთებული შტატების ლიტერატურულ წრეებში, რამდენიმე ავტორიტეტულმა გამოცემამ, ასევე რადიო და ტელეარხმა მას საგანგებო გადაცემები და რევიუები მიუძღვნა. იმდენად დიდია დაინტერესება ლეო ვარდიაშვილის რომანისადმი, რომ უმალ გამოითქვა სხვა ენებზე მისი თარგმნის სურვილი. წლეულს უკვე 16 ენაზე თარგმნის უფლება გაიცა და სასიამოვნოა, რომ მათ შორის არის „სულაკაურის გამომცემლობაც”.
მალე ქართველ მკთხველსაც ექნება საშუალება გაიცნოს მწერალი, რომელიც 12 წლის ასაკში მოხვდა გაერთიანებულ სამეფოში. აქ მიიღო მან სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლება. მართალია, ამჯერად სხვა პროფესიით მუშაობს, მაგრამ მწერლობა ბავშვობიდან იტაცებდა. თუმცა, ისე იყო დატვირთული სამსახურით, ძალიან ცოტა დრო რჩებოდა მწერლობისთვის.(ძირითადად, ღამის საათებში და შაბათ-კვირას არის დაწერილი ეს ტექსტი). ამიტომაც დასჭირდა მას ამ რომანის სრულყოფისთვის შვიდი წელიწადი. თუმცა, ნამდვილად ღირდა იმ გატეხილ ღამეებად, თუკი გამოჩენისთანავე ამგვარ ფურორს მოახდენდა. მან თანამედროვე ინგლისურ ლიტერატურას განსხვავებული ხედვისა და წარმოსახვის ნაწარმოები შესძინა, მწერლის გზა მხოლოდ იწყება და ვინ იცის, კიდევ რამდენ პერიპეტიას უქადის მის ავტორს?!
ინგლისთან ერთად ყველაზე დიდი სარგებელი ამ უნიჭიერესმა მწერალმა თავის ისტორიულ სამშობლოს – საქართველოს უკვე მოუტანა. თუ გადახედავთ სოციალურ ქსელს, აქ ნახავთ მცირე სიუჟეტს, სადაც ლეო ვარდიაშვილი დადის თბილისის ისტორიულ უბანში და ჰყვება თავისი ბავშვობის ქალაქზე, როგორიც დაამახსოვრდა და რასაც ახლა გრძნობს. კომენტარებიდან ჩანს, რამდენ უცხოელს უჩნდება საქართველოსა და თბილისში ჩამოსვლის სურვილი, იქ, სადაც დაიბადა მწერალი ლეო ვარდიაშვილი.
მე ერთი კვირაა, რაც ამ რომანს ვეცნობი და ვეღარ ველევი, ხელახლა ვუბრუნდები მთელ რიგ ადგილებს. იგი ძალიან სადა და ჩვეულებრივი სიტყვებით საოცარ შედეგს აღწევს, იმგვარი სიღრმე და სიცხადე ახასიათებს, უმალ კინემატოგრაფიული სიმძაფრით აღიბეჭდება მკითხველის მეხსიერებაში და აქვე ვიტყვი, რომ კინოსთვის ეს რომანი თითქმის მზა სცენარია და თუკი ქართული სინემა გამოიჩენს ინტერესს, ვფიქრობ, ბრწყინვალე ეკრანიზაციას მივიღებთ.
რომანის პროტაგონისტი არის საბა სულიძე-დონაური, რომელიც მამასთან და უფროს ძმასთან ერთად რვა წლის ასაკში ხდება ემიგრანტი. ისინი სამოქალაქო ომის დროს, 1992 წელს, ტოვებენ საქართველოს. დედის გარეშე მიდიან ეს ბავშვები და ისე მოხდება, რომ ცოცხალ დედას ისინი ვეღარასოდეს ნახავენ. ეს პასაჟი რომანს თავიდან ბოლომდე რეფრენად და სინანულად გასდევს. ემიგრაციის თემა წინამდებარე რომანის მთავარი ხაზია, დედის და სამშობლოს მიტოვება მართლაც დაუამებელი ტკივილია და იგი ამ წიგნის პერსონაჟების ცხოვრებასაც ულმობელ დაღს ამჩნევს. ალბათ ამიტომ თუ გამახსენდა მისი წაკითხვის შემდეგ მიხა ხელაშვილის ლექსის შემდეგი სტრიქონები:
„დედას ვუყვარვართ შვილები,
დედა არ გვახსოვს შვილებსა,
იმითა გვტანჯავს გამჩენი,
სულ მუდამ გვაცოდვილებსა”.
მთავარი პერსონაჟის მამა ირაკლი 20-წლიანი ემიგრაციის შემდეგ პირველად ჩამოდის საქართველოში და უკვალოდ უჩინარდება. რომანის სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ ამას წინ უძღოდა გარკვეული მიზეზები, იგი გარბის თბილისიდან, თავს აფარებს ჯერ სვანეთში და მერე- სამაჩაბლოში. ლონდონში დარჩენილ შვილებს მამის ბედი აწუხებთ. ამიტომ უფროსი შვილი სანდრო მოდის საქართველოში, რათა მამის ასავალ-დასავალს მიაგნოს. იგი ვერაფერს შეიტყობს და მამის ადგილსამყოფლის ძებნაში ტყვედ აიყვანენ ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე.
რადგან სანდრო კონტაქტს კარგავს ძმასთან. ახლა თვით საბა ჩამოდის ლონდონიდან მამისა და ძმის საძებნელად. მისი ოდისეა თბილისის აეროპორტიდან იწყება, მერე კი სვანეთსა და ოკუპირებულ სამაჩაბლოში მოგზაურობით მრავალჯერ ჩაიგდებს თავს განსაცდელში. მას აეროპორტში შეხვდება მძღოლი, სახელად ნოდარი, რომელიც სამაჩაბლოელი ლტოლვილია და ის გაუხდება საბას მეგზურად თავისი „ვოლგით” სვანეთსა და მერე ეგრეთ წოდებულ „სამხრეთ ოსეთში”.
ნოდარი იღუპება მშობლიური სოფლის სიახლოვეს. მანამდე ის ობოლთა სახლში იპოვის თავის დაკარგულ შვილს – ნათიას. ბოლოს საბა თავს აღწევს ტყვეობას და თან მოჰყავს ნათია, რომლის დედა ქეთინო თბილისში ცხოვრობს.
იმდენი საინტერესო და მოულოდნელი ამბავი ხდება ამ რომანში, რომ მისი წაკითხვა უემოციოდ შეუძლებელია. ავტორი იმგვარ დინამიკურობას ანიჭებს მთელ ამბავს, რომ შეუძლებელია ამ გულწრფელ, წუხილითა და იუმორით გაჯერებულ ტექსტებს იოლად განშორდე. იგი, მართლაც, სულმოუთქმელად იკითხება.
ლეო ვარდიაშვილის წიგნი 30 იანვარს გამოჩნდა წიგნის მაღაზიებში და უკვე ბესტსელერების სიაშია. 21 მარტს ოქსფორდის ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა მწერალთან. 24 მარტს კი მწერალთან საუბარს ლონდონის ალექსანდრა პალასი უმასპინძლებს. რასაკვირველია, დავესწრები ამ შეხვედრებს, რათა ჩვენს მკითხველს უფრო ვრცლად შევატყობინო, ახალი რა ითქმება ამ ექსტრაორდინარული სამწერლო დებიუტის შესახებ.
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან