IAEA-ში აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინის კონტროლის ქვეშ დაუყოვნებლივ უნდა გადავიდეს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს(IAEA) მმართველთა საბჭომ დაამტკიცა რეზოლუცია, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინის სრული კონტროლის ქვეშ დაუყოვნებლივ უნდა გადავიდეს.

ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ გამოაცხადა, რომლის ხელმძღვანელი – გერმან გალუშჩენკო ამ შეხვედრაზე უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

“IAEA-ს მმართველთა საბჭომ, ხმათა უმრავლესობით, მხარი დაუჭირა უკრაინის მიერ შემუშავებულ რეზოლუციის პროექტს უკრაინაში ბირთვული უსაფრთხოების, დაცვისა და გარანტიების შესახებ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გავრცელებული ინფორმაციით, საბჭოზე მიღებული დოკუმენტი მოუწოდებს რუსეთს, სასწრაფოდ გაიყვანოს სამხედრო და არაუფლებამოსილი პერსონალი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან და დაუყოვნებლივ დაუბრუნოს სადგური უკრაინის კონტროლს.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ეს აუცილებელია სადგურის უსაფრთხო და საიმედო მუშაობის უზრუნველსაყოფად.

6 მარტს IAEA-ს გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი ვლადიმერ პუტინს სოჭში შეხვდა, სადაც ის უკრაინიდან ზაპოროჟიეს მონახულების შემდეგ ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები