„ეს კაბები ჰყვებიან ქართულ ისტორიას“ – 8 მარტი და ქალის ულამაზესი, მრავალფეროვანი კაბები სასახლიდან
ხელოვნების სასახლე ქალბატონებს ულოცავს 8 მარტს და ქალის ულამაზესი კაბებს წარმოადგენს სასახლიდან.
„გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს – 8 მარტს, გილოცავთ არა მარტო ქალებს, არამედ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ადამიანის თავისუფლებისა და თანასწორობის იდეა
ამ დღესთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ ქალის ულამაზეს, მრავალფეროვან კაბებს სასახლიდან. ეს კაბები ჰყვებიან ქართულ ისტორიას
თამარ მეფის საზეიმო სამოსი – მორთული 3621 მარგალიტით, 154 მოოქრული და 158 ვერცხლის ბალთით. კოსტიუმი გასული საუკუნის მეორე ნახევარში ვარძიის ფრესკის მიხედვით ცნობილმა ქართველმა მხატვარმა სოლიკო ვირსალაძემ შექმნა. მასში ჩანს მეფე ქალის დიდებულება, ძლევამოსილება
თეკლა ბატონიშვილის კაბა – ძვირფასი ოქრომკედით გაფორმებული დედოფლის კოსტიუმი ფილმში „გიორგი სააკაძე” მთავარი გმირის თეკლე დედოფლის როლის შემსრულებელს, ლიანა ასათიანს ეცვა. ძვირფას ხავერდზე 3 ათასზე მეტი ლითონის მცირე დეტალია დამაგრებული. თამარ აბაკელიას მიერ შეკერილ კაბაში კარგადაა ასახული ოქრომკედით ქარგვის ძველი ქართული ტრადიციები, კაბამ ჩვენამდე გადაკეთებული სახით მოაღწია (დამოკლებულია).
ყველა გოგოს ოცნება გახდა ქეთოს კაბა ფილმიდან „ქეთო და კოტე” – თეთრი ბუმბულით დამშვენებული, მაქმანის გულისპირიანი შავი, ელეგანტური კაბა ულამაზესმა მედეა ჯაფარიძემ მოირგო. კაბის ავტორი ფარნაოზ ლაპიაშვილია
ფარაჯანოვი ამბობდა, რომ სამოსი არის ადამიანის სულიერებისა და მისი შინაარსის გარეთ გამოფენილი ვერსია. რეჟისორი ფილმებისთვის ხშირად სპეციალურად აკერინებდა კოსტიუმებს, უხვად იყენებდა ეთნოგრაფიულ ელემენტებს.
ხასიათისა და ვიზუალის სრულ ჰარმონიას ქმნის გრძელი, ფირუზისფერი კაბა, რომელიც სოფიკო ჭიაურელს აცვია ფილმში „ბროწეულის ფერი“.
ეროვნულ მოტივებზეა შექმნილი ლილი გვარამაძის საბალეტო კაბები, განკუთვნილი სახასიათო ცეკვისა და ს. ცინცაძის ბალეტისთვის „პარტიზანი ქალი“. ულამაზესი და უნიჭიერესი პრიმა-ბალერინა ამ სამოსში თვალისმომჭრელად ბრწყინავდა სცენაზე
კოკო შანელი ამბობდა – „მოძებნეთ ქალი კაბაში. თუ იქ არ არის ქალი, მაშინ არც ეს ყოფილა კაბა“. მსოფლიო მოდის დედოფლის ეს სიტყვები სრულად ეთანადება სასახლის უნიკალურ საგანძურს, რომელიც წარმოაჩენს კულტურულ ტრადიციებს, ესთეტიკურ ღირებულებებს და უკვდავყოფს ქალებს, ვისთვისაც შეიქმნენ და ვისაც შვენოდათ ეს კაბები“, – აღნიშნულია ხელოვნების სასახლის მიერ გავრცელებულ მილოცვაში.