სოხუმის ღვინის ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილების გამო, სოხუმის ღვინის ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა.
ამის შესახებ ტელეგრამის არხები წერენ.
აღნიშნულია, რომ ქარხანამ მუშაობა უკვე ერთი თვეა, რაც შეაჩერა.
ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ ე.წ. მთავრობამ ღვინის მასალების იმპორტზე 30%-იანი აქციზი დააწესა, რამაც ღვინის პროდუქცია რუსეთის ბაზარზე არაკონკურენტუნარიანი გახადა.
სოხუმის ღვინის ქარხანა ოკუპირებული აფხაზეთის უმსხვილესი ექსპორტიორია, ე.წ.ბიუჯეტში მნიშვნელოვანი შენატანით. მასში რამდენიმე ასეული ადამიანია დასაქმებული.
ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთში ღვინის მსხვილი მიმწოდებლების ათეულში შევიდა.
რუსეთის ფედერალური საბაჟო შემოსავლებისა და სატარიფო რეგულირების მთავარი სამმართველოს უფროსის, მაქსიმ ჩმორის განცხადებით, 2023 წლის იანვრიდან ოქტომბრის გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთში ღვინის იმპორტი 6%-ით გაიზარდა.
ღვინოების ყველაზე დიდი მოცულობა იმპორტირებული იყო იტალიიდან (30%), საქართველოდან (17%), ესპანეთიდან (13%), საფრანგეთიდან (8%) და პორტუგალიიდან (6%). ტოპ 10 მომწოდებელში, ასევე, მოხვდნენ ოკუპირებული აფხაზეთი, ჩილე, გერმანია, სამხრეთ აფრიკა და ახალი ზელანდია.