NYT: CIA-ს უკრაინაში რუსეთთან საზღვრის გასწვრივ 12 საიდუმლო ბაზა აქვს – უილიამ ბერნსი საიდუმლო ვიზიტით კიევში ჩავიდა

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, უილიამ ბერნსი 15 თებერვალს საიდუმლო ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა, რომ “დაემშვიდებინა” ქვეყნის ლიდერები აშშ-ის დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

ამის შესახებ New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა წერს, რომ უკრაინის დაზვერვის ზოგიერთმა ოფიცერმა ამერიკელ კოლეგებს ჰკითხა, ხომ არ მიატოვებს მათ CIA წარუმატებლობის შემთხვევაში.

„ეს ადრეც მომხდარა ავღანეთში და ახლა შესაძლოა, უკრაინაში მოხდეს“, – გამოთქვა შეშფოთება უკრაინელმა მაღალჩინოსანმა, იტყობინება NYT.

საპასუხოდ, აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენელმა თქვა, რომ „ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვაჩვენებდით მკაფიო ერთგულებას უკრაინის მიმართ და ეს ვიზიტი იყო კიდევ ერთი ძლიერი სიგნალი იმის, რომ აშშ-ის ვალდებულება გაგრძელდება“.

გამოცემის ცნობით, ბოლო ორი წლის განმავლობაში უკრაინაში ბერნსის ეს უკვე მეათე ვიზიტი იყო.

გაზეთი აღნიშნავს, რომ CIA-სა და უკრაინის სპეცსამსახურებს შორის მჭიდრო კონტაქტები 2014 წლიდან არსებობს. ამ დროის განმავლობაში, უკრაინა გახდა ვაშინგტონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სადაზვერვო პარტნიორი კრემლის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ურთიერთობა იმდენად გამყარდა, რომ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყანაში მომუშავე CIA-ს ზოგიერთმა ოფიცერმა, სხვა ამერიკელ პერსონალთან ერთად, უკრაინა არ დატოვა. ბერნსის დაჟინებული თხოვნით, ისინი მხოლოდ დასავლეთ უკრაინაში სასტუმრო კომპლექსში გადავიდნენ, რომ არ დაეტოვებინათ კოლეგები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.

ომის დაწყების შემდეგ, CIA-ს ოფიციალური პირები უკრაინის ხელისუფლებას აწვდიდნენ მნიშვნელოვან ინფორმაციას, მათ შორის, სად გეგმავდა რუსეთი თავდასხმებს და რა იარაღის სისტემები გამოიყენებოდა.

„მათ გარეშე ჩვენ არ გვექნებოდა რუსებთან დაპირისპირების ან მათი დამარცხების შესაძლებლობა“, – ციტირებს გაზეთი ივან ბაკანოვს, რომელიც იმ დროს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იყო.

The New York Times უკრაინაში, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში 200-ზე მეტ ამჟამინდელ და ყოფილ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს უკრაინაში რუსეთთან საზღვრის გასწვრივ 12 საიდუმლო ბაზა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები