უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე 31 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“31 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა ამ ომში. არა 300 ათასი და არა 150 ათასი, როგორც პუტინი და მისი მატყუარა წრე ამბობს. მაგრამ თითოეული ეს დანაკარგი – ჩვენთვის დიდი დანაკარგია”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მანვე დასძინა, რომ დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობას ვერ ასახელებს, რადგან რუსეთს ეცოდინება, რამდენმა ადამიანმა “დატოვა ბრძოლის ველი”.
მან ასევე არ დაასახელა დაკარგული ადამიანების რაოდენობა.
ზელენსკის თქმით, ომის დროს 180 ათასი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. მისივე თქმით, დაჭრილებთან ერთად, ეს მაჩვენებელი 500 ათას ადამიანს შეადგენს.