UNICEF: უკრაინელი ბავშვების დიდმა ნაწილმა ორწლიანი ომის განმავლობაში სარდაფებსა და მეტროში 5 ათას საათამდე გაატარა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მეორე წლისთავზე, UNICEF-მა უკრაინელ ბავშვებზე საომარი მოქმედებების გავლენა შეაფასა.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ორი წლის განმავლობაში ბავშვებმა ხარკოვისა და დონეცკის რეგიონებში, ზაპოროჟიესა და სხვა ადგილებში, სარდაფებში, თავშესაფრებსა და მეტროსადგურებში 3 ათასიდან 5 ათას საათამდე გაატარეს.

ეს არის მიწისქვეშა ცხოვრების ოთხიდან შვიდ თვემდე. ხშირად, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში, ეს არის ცივი და ნესტიანი ადგილები.

13-15 წლის მოზარდების 50% ძილის დარღვევას უჩივის, მათგან 20% უჩივის აკვიატებულ აზრებს და მოვლენების გადახვევას, რაც პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ტიპური გამოვლინებებია.

14-დან 34 წლამდე მოზარდებისა და ახალგაზრდების სამი მეოთხედი ამბობს, რომ მათ ფსიქიკური დახმარება სჭირდებათ. თუმცა, მათგან მხოლოდ მესამედმა შეძლო დახმარებისთვის მიმართვა.

უკრაინელი ბავშვების 40% მოკლებულია განათლებაზე სტაბილურ და უწყვეტ ხელმისაწვდომობას. ფრონტის ზონებში ბავშვების ნახევარს განათლებასთან წვდომა საერთოდ არ აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები