Reuters: ირანმა რუსეთისთვის ასობით მაღალი სიზუსტის ბალისტიკური რაკეტის მიწოდება დაიწყო

ირანმა რუსეთისთვის დიდი რაოდენობით ძლიერი მიწისზედა ბალისტიკური რაკეტების მიწოდება დაიწყო.

ამის შესახებ Reuters-ი ექვს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

სამი ირანული წყაროს თანახმად, საუბარია Fateh-110 ოჯახის 400-მდე რაკეტაზე, როგორიცაა Zofaghar. მათ აქვთ 300-დან 700 კმ-მდე დიაპაზონი და მათი გასროლა ხდება სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებული გამშვებიდან.

ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ საბოლოო შეთანხმება გასული წლის ბოლოს, ორი ქვეყნის სამხედროებს შორის თეირანსა და მოსკოვში გამართულ შეხვედრებზე იქნა მიღწეული. მისი თქმით, პირველი მიწოდება იანვრის დასაწყისში დაიწყო. კიდევ ერთმა წყარომ თქვა, რომ ამ დროისთვის რაკეტების, სულ მცირე, ოთხი პარტიაა გაგზავნილი და უახლოეს კვირებში მეტი მიწოდება განხორციელდება. მესამე წყაროს ცნობით, რაკეტების გადაზიდვა როგორც კასპიის ზღვით, ასევე, საჰაერო გზით მოხდა.

აშშ-ში Reuters-ის წყარომ განაცხადა, რომ ამერიკულ დაზვერვას აქვს ინფორმაცია რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით რუსეთ-ირანის მოლაპარაკებებში აქტიური პროგრესის შესახებ, მაგრამ მიწოდება ჯერ არ დაუფიქსირებიათ.

მსგავსი შინაარსის ინფორმაცია გამოცემას უკრაინაშიც მიაწოდეს, რომ ბრძოლის ველზე ირანული რაკეტების გამოყენება ჯერ არ მომხდარა.

ირანის, რუსეთისა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროებში და ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსში საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები