“რაც უფრო სწრაფად დატოვებენ ნატოს გემები შავ ზღვას, მით უფრო სწრაფად დაისადგურებს სიმშვიდე” – ბჟანია
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, შავ ზღვაში ნატოს ყოფნა ქმნის დაძაბულობის ესკალაციას და ამ ზღვაში მათ არაფერი ესაქმებათ.
ე.წ. ლიდერს მიაჩნია, რომ რაც უფრო სწრაფად დატოვებენ ალიანსის გემები შავი ზღვის რეგიონს, მით უფრო სწრაფად დაისადგურებს სიმშვიდე.
ამის შესახებ მან “ტასს”-თან ინტერვიუში თქვა.
“ამ გემებს კარგი არაფერი მოაქვთ. ეს არის დაძაბულობის ესკალაცია, ეს არის უკრაინის ბედის გართულება. მეჩვენება, რომ ნატოს არცერთი ქვეყანა უკრაინელებზე არ ფიქრობს. უკრაინის ტერიტორია და უკრაინელი ხალხი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ვაჭრობის საშუალება გახდა, რომლებიც მიმართულია რუსეთის დასუსტებისა და განადგურებისკენ. ეს უკვე აბსოლუტურად ყველას ესმის. მაგრამ, როგორც ჩანს, უკრაინის ხელმძღვანელობას “უკან დახევა” უკვე აღარ შეუძლია.
აფხაზი ხალხი ამას ხედავს და ესმის, ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მშვიდობას, როგორც მთავარ ღირებულებას და, ამ მხრივ, ჩვენი ხედვა ემთხვევა რუსეთის ფედერაციის ხალხის, მისი ლიდერების ხედვას. ჩვენ არ ვაცხადებთ პრეტენზიას სხვის ქონებაზე, არც ჩვენის ვინმესთვის დათმობას ვაპირებთ და არავის ვურჩევთ, ამ მხრივ საკუთარი ბედის ცდუნებას. გემების საკითხს დავუბრუნდები, მათ იქ არაფერი ესაქმებათ და რაც უფრო სწრაფად დატოვებენ შავი ზღვის რეგიონს, მით უფრო სწრაფად დაისადგურებს რეგიონში სიმშვიდე,”- მიაჩნია ბჟანიას.