ქენდი ტალარიკოს გატაცება და ტყვეობის 45 დღე – მძიმე ისტორია, კეთილი დასასრულით
ეს ისტორია 1988 წლის ივნისში დაიწყო, როდესაც 4 წლის კალიფორნიელი ქენდი ტალარიკო, ორ მეგობართან ერთად, თოჯინებით თამაშობდა სახლთან ახლოს. მათი მშობლები მაშინ ტალარიკოს ოჯახში სტუმრად იყვნენ და დიასახლისს სადილის მომზადებაში ეხმარებოდნენ. ერთი საათის შემდეგ ყველაზე უფროსი გოგონა – ჯინა სახლში შემოვარდა. ის ტიროდა და ყვიროდა.
ჯინა ძალიან შეშინებული იყო. ამბობდა, რომ „ქენდი მოიტაცეს“. ქალები მაშინვე ეზოში გაცვივდნენ, მაგრამ ქენდი იქ უკვე არ იყო. გოგონას დედამ მაშინვე პოლიციაში დარეკა, ხოლო დანარჩენები ჯინას მომხდარის შესახებ ეკითხებოდნენ. მისი თქმით, სანამ ისინი თამაშობდნენ, მათთან უცნობი ადამიანი მივიდა, ჩუმად ჩაავლო ხელი ქენდის და ახლოს მდგარ ავტომობილში ჩასვა.
უფროსი ასაკის სხვა ადამიანი მათთან ახლოს არ იყო და გოგონას ყვირილი არავის გაუგონია. ცხადია, თავად ქენდიც ყვიროდა და წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ 4 წლის გოგონა მამაკაცს ვერ გაუმკლავდებოდა. საბედნიეროდ, ჯინა ძალიან ყურადღებიანი გოგონა აღმოჩნდა და დამშვიდების მერე პოლიციას გამტაცებლის გარეგნობა აღუწერა. ის გახლდათ ულვაშებიანი, შუახნის ქერა მამაკაცი, პატარა ტატუთი ხელზე, ხოლო მისი ავტომობილი ცისფერი ფერის იყო.
უკვე მომდევნო დღეს ყველა ადგილობრივი გაზეთის გარეკანი გოგონას გატაცების ამბითა და დამნაშავის აღწერით იწყებოდა. პოლიციამ ძებნის პროცესში მოხალისეები ჩართო.
ცოტა ხანში ახალგაზრდა გოგონამ პოლიციაში დარეკა და შეატყობინა, რომ დაინახა მამაკაცი ცისფერი ავტომობილით და ატირებული ბავშვით. საძებნად მაშინვე გავიდა ვერტმფრენი, მაგრამ, როგორც ჩანს, საფრთხის შეგრძნების შემდეგ დამნაშავე მიიმალა. გატაცებული გოგონას დედა ძალიან აღელვებული იყო, მაგრამ მას მტკიცედ სჯეროდა, რომ შვილს იპოვიდა.
მან იცოდა, რომ 18 წლის გოგონა არ იქნებოდა უკანასკნელი მოწმე და მართალიც აღმოჩნდა. 45 დღის განმავლობაში, სამძებრო სამუშაოები უშედეგო იყო, სანამ უეცრად ორი პირველკლასელის წინ ცისფერი ფორდი არ გაჩერდა.
თუმცა, 6 წლის გოგონას უკვე შეეძლო თავის დაცვა.
სანამ გამტაცებელი მანქანაში ჯდებოდა, გოგონა გადმოხტა. მისი და ძალიან ხმამაღლა აყვირდა, გამვლელების ყურადღება მიიპყრო და მძღოლი იძულებული გახდა, ადგილიდან მსხვერპლის გარეშე წასულიყო. ამჯერად ერთ-ერთმა ქალმა ავტომობილის ნომრების დამახსოვრება შეძლო. ამის შემდეგ ის ძებნაში გამოაცხადეს.
წარუმატებლობით გამძვინვარებულმა დამნაშავემ რამდენიმე საათში კიდევ ერთი გოგონას, 5 წლის მეუი საიფონგის გატაცება სცადა. ამჯერად თვითმხილველმა კარგად დაიმახსოვრა დამნაშავის სახე და მისი მოძებნა პოლიციის ბაზაში ძალიან ადვილი გახდა.
იმავე საღამოს მის სახლს პოლიციამ ალყა შემოარტყა. გამტაცებელი იყო 32 წლის კენეტი ელვინ მიშელი, რომელიც ყრუ-მუნჯი აღმოჩნდა. ჟესტებით ის მიუთითებდა თავის ავტომობილსა და სარდაფზე. მანქანაში შეშინებული მეუი იყო, ხოლო სარდაფში ქენდი ტალარიკო. აცრემლებულმა პოლიციელმა პატარა გოგონა სარდაფიდან ამოიყვანა. ის ცოცხალი იყო, წონა მხოლოდ ოდნავ ჰქონდა დაკარგული. ეს მომენტი სერჟანტ დევიდ უილსონს ძალიან კარგად დაამახსოვრდა, ვინაიდან მათ დროზე მოუსწრეს.
გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მან ძალიან მალე შეძლო სახლში დაბრუნება. მიშელმა სრულად აღიარა თავისი დანაშაული. სასამართლომ მას 62-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. დამნაშავემ 25 წელი მოიხადა და შემდეგ გარდაიცვალა.
შვილის დაბრუნების შემდეგ ოჯახმა საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო და მედიის თვალთახედვიდან გაქრა. მრავალი წლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ქენდის 5 შვილი ეყოლა. მან მხოლოდ ერთი ინტერვიუ მისცა უკვე ზრდასრულ ასაკში. მან განაცხადა, რომ ყველაფერი წარსულში დარჩა და ამაზე საუბარი არ სურს.